დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.“
“გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის გამოირჩეოდა პატიმართა უფლებების უგულვებელყოფისა და დარღვევის სიმრავლით. სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშში მიუთითებდა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობისა და ღირსების შემლახავი ფაქტების შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ასეთი ფაქტი ძირითადად სათანადო რეაგირების გარეშე რჩებოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოების, ასევე თავად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირების მიერ. არაერთი რეკომენდაცია, რომელიც შესაძლო ანგარიშსწორებისაგან პატიმართა დაცვის მიზნით მათ სხვა დაწესებულებაში გადაყვანას შეეხებოდა, დეპარტამენტის მიერ არ სრულდებოდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გიორგი ტუღუშს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული რეაგირება წინ გადადგმული ნაბიჯია და მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, გატარდეს სათანადო ღონისძიებები ყველა დამნაშავე პირის დროულად იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ამავდროულად, მოუწოდებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს ყველა იმ ზემდგომ თანამდებობაზე მყოფ მოხელეს, რომელიც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მუშაობდა #8 დაწესებულებაში და დღესაც აგრძელებს სისტემაში მუშაობას:
“მიგვაჩნია, რომ მსგავსი ქმედება დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან მდუმარე თანხმობით ჩადენილ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც უნდა იწვევდეს თავად ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობასაც.”
ომბუდსმენის განცხადებაში ნათვქმია, რომ მათი ოფისის მიერ მიწოდებულ შესაძლო არაადამიანური ან/და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების მიმართ საგამოძიებო ორგანოები უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად იწყებდნენ გამოძიებას და აღნიშნულ ფაქტებს სათანადო რეაგირება არასოდეს მოჰყოლია, გარდა ერთეული გამონაკლისი შემთხვევებისა, რაც გარკვეულწილად მსგავსი დანაშაულებისათვის წამახალისებელ ფაქტორადაც იქცა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედეგებს პატიმართა მიმართ მოპყრობის კუთხით სათანადო ყურადღებას არ უთმობდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროც. ის პირები, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ ჩვენს ანგარიშებში, როგორც პატიმართა უფლებადამრღვევები, კვლავ აგრძელებდნენ საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ხოლო დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება კიდევ უფრო ამძაფრებს მათ მიერ ჩადენილ სამართალდაღრევათა შინაარს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც მონიტორინგის დროს სახალხო დამცველის სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები ესაუბრებიან გლდანის N8 საპყრობილეში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც პატიმრები მოითხოვენ ფაქტების გასაჯაროებისგან თავის შეკავებას”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ჯერ კიდევ 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველის მიერ გლდანის N8 დაწესებულების კარანტინში არსებული მდგომარეობა შეფასდა როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახველი. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ გლდანის დაწესებულებაში დასჯის მიზნით პატიმრებს ხშირად განათავსებენ კარანტინში, ამავდროულად, დასჯის ეს მეთოდი არც ერთ საკანონმდებლო აქტში არ არის გაწერილი და, შესაბამისად, უკანონოა.
სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან გასაუბრებისას პატიმრები აცხადებდნენ, რომ უმკაცრესი წესების ელემენტარული დარღვევის შემთხვევაშიც კი ისინი სასტიკად ისჯებოდნენ – მათ ან სცემდნენ, ან დასჯის მიზნით გადაჰყავდათ დაწესებულების კარანტინში, რაც ასევე უკანონოა, რადგან საკარანტინე საკანი არ არის დასჯისთვის განკუთვნილი, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულების კარანტინში განსაკუთრებით აუტანელი პირობები იყო, დასჯის ეს მეთოდი რეგულარულად გამოიყენებოდა. მონიტორინგის დროს სამარტოო საკანში განთავსებულმა ერთ–ერთმა პატიმარმა განაცხადა, რომ ხმაურის შემთხვევაში შედიან დაწესებულების თანამშრომლები და პატიმრებს სცემენ. მისი განმარტებით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში 8–ჯერ იქნა ნაცემი, თუმცა აღნიშნულის წერილობითი დადასტურება არ ისურვა.
“აღსანიშნავია, რომ პატიმრები მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის წერილობითი დადასტურებისგან თავს იკავებენ, თუმცა დაწვრილებით ჰყვებიან მათ ან სხვა პატიმრების მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ყველაზე ხშირად სახელდებოდა ვინმე „ანგო“, „ხონსკი“ და ბექა მჟავანაძე. ზაფხულში ჩატარებული მონიტორინგის დროს ჰყვებოდნენ ქერა, ცისფერთვალება თანამშრომელზე, ვინმე ოლეგზე. უფრო ხშირია შემთხვევები, როცა მონიტორინგის დროს სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს სხვა დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები ესაუბრებიან გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, თუმცა ამ შემთხვევაშიც ისინი ფაქტების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის(CPT) 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლდანის N8 დაწესებულებაში და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები არ ადასტურებენ არასათანადო მოპყრობას, სხვა დაწესებულებებში განთავსებული პატიმრებისაგან განსხვავებით, რომლებიც განაცხადებენ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე. გლდანის საპყრობილეში პატიმრებს ცემენ კარცერებსა და საშხაპეებში საკნის კარზე დაკაკუნებისთვის, ხმამაღლა ლაპარაკისთვის, სხვა საკანში განთავსებულ პატიმართან კონტაქტის დამყარებისთვის. კომიტეტს მხედველობიდან არ გამორჩენია არაბუნებრივი სიჩუმე გლდანის საპყრობილის საცხოვრებელ ნაწილში, რაც გარდა იმისა, რომ ბადებს საფუძვლიან ეჭვებს, ასევე ერთგვარად ადასტურებს პატიმრების ნათქვამს.
ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2010 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „გლდანის N8 საპყრობილეში ვიზიტის დროს კომიტეტს პრაქტიკულად არ მიუღია განცხადებები არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუმცა მოგვიანებით სხვა დაწესებულებებში განთავსებულმა რამდენიმე პატიმარმა განუცხადა დელეგაციის წევრებს, რომ მათ გლდანის საპყრობილეში ყოფნისას არასათანადოდ ექცეოდნენ თანამშრომლები, განსაკუთრებით კი „კარცერსა“ და საშხაპეებში, ასევე დაწესებულებაში მიღების დროს. როგორც პატიმრები ამტკიცებდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა (კეტით, მუშტით, წიხლით ცემა) მოჰყვებოდა ისეთ დარღვევებს, როგორიცაა საკნის კარზე დაკაკუნება, ერთმანეთში ხმამაღალი ლაპარაკი, ან სხვა საკნებში განთავსებულ პატიმრებთან გამოლაპარაკება. დელეგაციამ აღნიშნა, რომ გლდანის საპყრობილეში ვიზიტის დროს საკნებში უჩვეულო სიჩუმე სუფევდა.“