ახალი ამბები

რუსეთის პატრიარქის წიგნი სპორტის სახეობაზე, რომელსაც პუტინი მისდევს

18 სექტემბერი, 2012 •
რუსეთის პატრიარქის წიგნი სპორტის სახეობაზე, რომელსაც პუტინი მისდევს

წიგნის “და მარადიული ბრძოლა” პრეზენტაცია ტოკიოში გაიმართა. წიგნში, რომელიც იაპონურ ენაზე გამოიცა, მოთხრობილია სამბოს და ძიუდოს ორთაბრძოლების ხელოვნებაზე.

წიგნი ტრილოგიას წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილიც პატრიარქ კირილის თანაავტორობით დაიწერა, მთლიანი წიგნის ავტორი კი ცნობილი მწვრთნელი ანატოლი ხლაპეცკია.

ანატოლი ხლაპეცკის განცხადებით, მან პატრიარქი კირილი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როდესაც ის მიტროპოლიტი იყო, ისინი ხშირად საუბრობდნენ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ბავშვის აღზრდის საკითხებზე. პატრიარქმა მას იაპონელი წმინდა ნიკოლოზის შესახებაც უამბო, რომელიც საბრძოლო ხელოვნება სამბოს გამომგონებლის, ვასილი ოშეპკოვის სულიერი ლიდერი იყო. ანატოლი ხლაპეცკის განცხადებით, მან გადაწყვიტა ეს ისტორიები წიგნში შეეტანა. თავდაპირველად პატრიარქი წიგნის თანაავტორობაზე არ თანხმდებოდა, თუმცა საბოლოოდ დათანხმდა.

პატრიარქი წიგნში მოყვანილ საკუთარ შეფასებებში განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას სიტყვა“თავისუფლების” მნიშვნელობაზე. წიგნი წარმოადგენს ერთგვარ მართლმადიდებლურ ხედვას თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაზე.

რუსეთის პატრიარქის გარდა, პრეზენტაციას ტოკიოსა და სრულიად იაპონიის მიტროპოლიტი დანიელი, სენდაის მთავარეპისკოპოსი დანიელი, იაპონიის სამღვდელოების სხვა წარმომადგენლები და იაპონიაში მცხოვრები რუსი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამბო და ძიუდო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის სპორტის გამორჩეული სახეობებია. პუტინი სპორტის ამ სახეობებში 11 წლის ასაკიდან ვარჯიშობს. კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, ვლადიმერ პუტინი არის სპორტის ოსტატი სამბოსა და ძიუდოში. 2010 წელს კი მან მიიღო “ძიუდოს დოქტორის” საპატიო დიპლომი.

მასალების გადაბეჭდვის წესი