როგორც კვლევამ აჩვენა, არსებობს ტელევიზიების ერთი ჯგუფი, რომელთა მიერ ინტენსიურად გაშუქებული თემები ძალიან ხშირად ერთმანეთს ემთხვევა, ხოლო მაყურებლები უპირატესობას სწორედ იმ თემებს ანიჭებენ, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად გაშუქდა რომელიმე ტელეარხის მიერ.
პროექტი 2012 წლის აპრილიდან დეკემბრამდე ხორციელდება. შუალედური ანგარიში 2 აპრილიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
მონიტორინგი შემდეგ ტელევიზიებს უტარდებოდათ: საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, „იმედი“,„რუსთავი 2“, „მაესტრო“, „კავკასია“ , „რეალ ტვ“ და „მეცხრე არხი”, რომელიც მონიტორინგში 11 ივლისიდან ჩაერთო.
კვლევამ გამოავლინა, რომ ოთხი თვის განმავლობაში ყველაზე ხშირად ერთმანეთს „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მიერ ინტენსიურად გაშუქებული თემები დაემთხვა (16 დამთხვევა). ყველაზე ნაკლები დამთხვევა კი „მეცხრე არხს“ პირველ არხთან, „რეალ ტვ“-სთან და „იმედთან“ (4), აგრეთვე, „კავკასიას“ „იმედთან“(4) ჰქონდა.
ჩამონათვალის მიხედვით, მონიტორინგის პერიოდში „იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის საერთო თემები ძირითადად სამ საკითხს ეხებოდა, ესენია– საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საქმიანობა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების კრიტიკა.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ “იმედისა“ და „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო პოლიტიკა ორიენტირებულია პრიორიტეტული ინფორმაციის „მკვრივ“ მიწოდებაზე, ხოლო „კავკასიის“, „მეცხრე არხისა“ და „მაესტროს“ საინფორმაციო პოლიტიკა – მრავალფეროვან თემატურ გაშუქებაზე.
კვლევამ აჩვენა, რომ ტელევიზიები მაყურებელს დიდწილად საინფორმაციო პრიორიტეტებს კარნახობენ.
მაგალითად, 27 აპრილი – 10 მაისის პერიოდში პირველი არხის, „მაესტროს“ და „რუსთავი 2“-ის მიერ ყველაზე ინტენსიურად გაშუქდა თემა „პრეზიდენტის მიერ რეგიონებში ახალი პროექტების წარდგენა“. გამოკითხული რესპონდენტების 53.8%-მაც სწორედ ეს მიიჩნია პირველ რიგში მნიშვნელოვან თემად.
როდესაც პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტების გაშუქებამ ინტენსივობის მხრივ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მოსახლეობის პრიორიტეტებშიც ეს თემა მეორე გახდა, ხოლო როდესაც პრეზიდენტის რეგიონული ვიზიტების თემა მეტნაკლებად პრიორიტეტულად მხოლოდ „რუსთავი 2“-მა გააშუქა, მოსახლეობამ ამ თემას მეოთხე ადგილი მიანიჭა ხუთ თემას შორის:
“ეს მაგალითი ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც რესპონდენტებს არ გააჩნიათ ინფორმაცია ამა თუ იმ თემის გაშუქების ინტენსივობის შესახებ, ისინი უპირატესობას სწორედ იმ თემებს ანიჭებენ, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად გაშუქდა რომელიმე ტელეარხის მიერ”, – აღნიშნულია კვლევაში.
საბოლოო ჯამში კვლევამ გამოავლინა, რომ:
“ინტენსიური გაშუქების მეშვეობით ტელევიზიები გაცილებით მეტ გავლენას ახდენენ თბილისის საზოგადოების საინფორმაციო პრიორიტეტებზე, ვიდრე საზოგადოების დაკვეთა ზემოქმედებს ტელევიზიების დღის წესრიგზე”
კვლევის ფარგლებში რესპოდენტებს ერთ ღია შეკითხვაზეც უწევდათ პასუხის გაცემა. კითხვაზე, არჩევნებთან დაკავშირებით რომელი თემების შესახებ გსურთ ინფორმაციის მიღება მედიასაშუალებებით?
პასუხების შეჯამების შედეგად პრიორიტეტული თემები გამოვლინდა:
1. არჩევნების სამართლიანობა, გამჭვირვალობა, დემოკრატიულობა;
2. დასაქმების პრობლემის მოგვარება, უმუშევრობასთან ბრძოლა;
3. არჩევნებში მონაწილე პარტიების, კანდიდატების საქმიანობის შესახებ ობიექტური
ინფორმაციის მიღება;
4. საარჩევნო პროგრამები, მათი გაშუქება;
5. სოციალური კეთილდღეობის გაძლიერების გზები.