ახალი ამბები

კოვზანაძე: ლარის სწრაფი გაუფასურება ძირითადად ემოციური გარემოებებითაა გამოწვეული

1 დეკემბერი, 2016 • 1782
კოვზანაძე: ლარის სწრაფი გაუფასურება ძირითადად ემოციური გარემოებებითაა გამოწვეული

”დღეს ლარის სწრაფი გაუფასურება პანიკური, სპონტანური რეაქციაა და ძირითადად ემოციური გარემოებებითაა გამოწვეული,” – ეს განცხადება პარლამენტის საფინანსო-საბიუეჯტო კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით,  მთავრობა  ეროვნულ ბანკთან ერთად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კურსი, რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად დარეგულირდეს:

“ეს რამდენიმესაათიანი, დროებითი, სპონტანური რეაქციაა და პრაქტიკულად, მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ თავიანთი რეზერვებს სწრაფად ნუ გაადახურდავებენ, რადგან დანაკარგს ნახავენ.  ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ გაუფასურება შიდა ფუნდამენტური ფაქტორებით არ არის გამოწვეული. ეს არის ემოციური, სპონტანური ფაქტორებით გამოწვეული,” – აღნიშნა კოვზანაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2016 წლის 2 დეკემბრისთვს დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.5871 ლარი ღირს, რაც 1 დეკმბრისთვის დადგენილ კურსს 0.0519 ერთეულით აღემატება.

რაც შეეხება ევროს, ლართან მიმართებით 5 თეთრით გაძვირდა ევროც. კერძოდ, ეროვნული ვანკის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.7491 ლარად არის შესაძლებელი, რაც 1 დეკემბრისთვის დადგენილ კურსზე 0.0511 ერთეულით მეტია.

ეროვნულმა ბანკმა კურსი 1 დეკემბერს 16:30-ზე განაახლა. ამ დროისათვის “ბლუმბერგზე” 1 აშშ დოლარი 2.5638 ლარი ღირს, თუმცა, დღის განმავლობაში ბლუმბერგზე 1 აშშ დოლარი 10 თეთრით უფრო ძვირი, 2.66 ლარი ღირდა. ასევე, დღის განმავლობაში კომერციულ ბანკებში 1 აშშ დოლარის ფასმა 2. 72 ლარს მიაღწია, თუმცა, ამ დროისთვის, 2,63 ლარი ღირს.

ეროვნულ ბანკს 1 დეკემბერს ინტერვენცია არ მოუხდენია. მათ გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმადაც, ნოემბრის თვეში ლარის გაუფასურება დოლარის მკვეთრი გამყარებით იყო გამოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი