წელსაც, ძალაში რჩება ყოფილი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სახელმძღვანელოების ფასის ზედა ზღვარი 10 ლარს არ უნდა აჭარბებდეს.
პირველკლასელთათვის სახელმძღვანელოები მოიცავს არა მხოლოდ წიგნს, არამედ – სამუშაო რვეულსაც, რიგ შემთხვევებში, მათი ფასი 10 ლარს აჭარბებს. მაგალითად, როდონაიას ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოსა და სამუშაო რვეულის ფასი ჯამში 13 ლარია. ასევე რუსაძის ავტორობით გამოცემული მათემატიკის სახელძღვანელოს და სამუშაო რვეულის ფასი ჯამში 15 ლარს თვლის. 10 ლარი სახელძღვანელო ღირს, ხოლო 5 ლარი სამუშაო რვეული.
“ნეტგაზეთმა” შეკითხვით მიმრთა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 10 ლარის ზღვარი ვრცელდებოდა მხოლოდ სახელმძღვანელოზე, თუ მასთან ერთად სამუშაო რვეულზეც. სამინისტროს პასუხში აღნიშნულია რომ:
“10 ლარი სახელმძღვანელოების მაქსიმალური ფასია. რიგ შემთხვევებში, მასში შედის რვეულის ღირებულებაც”.
სკოლის მოსწავლის მშობელი, ქალბატონი მაკა „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ სამუშაო რვეულის შეძენა სავალდებულოა და მასწავლებლები მის შეძენას ითხოვენ:
„მართლაც მუშაობენ აღნიშნულ რვეულებში, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როდესაც არც გადაუშლიათ”.
პირველკლასელებზ 2012-2013 სასწავლო წლის ფარგლებში, სულ 7 სახელძღვანელო ესაჭიროებათ: ქართული, მათემატიკა, უცხო ენა, ბუნებისმეტყველება, ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ტექნოლოგიები. პირველკლასელის სკოლის სახელძღვანელოებით უზრუნველყოფა 70-80 ლარი უჯდება მშობელს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2012-2013 სასწავლო წლისთვის 1 069 530 სახელმძღვანელო გამოიცა, აქედან დაახლოებით 1 000 000 სახელმძღვანელოს თანხას სახელმწიფო დაფარავს. წიგნებს სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილები მიიღებენ უფასოდ. სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ მრავალშვილიანთა ოჯახებს, რომელთა სამი ან მეტი შვილი სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ოჯახი არ განეკუთვნება ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას.
წელს მასწავლებლებსა და სკოლას უფლება მიეცათ თავად შეარჩიონ მათთვის სასურველი ავტორის წიგნი. სახელმძღვანელოებს შორის ფასში სხვაობაა. მაგალითად, როდონაიას ავტორობით გამოცემული ქართული ენისა და ლიტერატურის ენის სახელმძღვანელო და სამუშაო რვეული 13 ლარი ღირს, იგივე კომპლექტი მაღლაკელიძის ავტორობით კი – 10 ლარი.
ქალბატონი მაკა აღნიშნავს, რომ მასწავლებლები კონკრეტული ავტორის და გამომცემლობის წიგნებს ითხოვენ :
„განსხვავება არ არის ხშირად, უმნიშვნელო ცვლილებაა, პარაგრაფის ან სათაურის და ამის გამო თხოვენ სხვა წიგნს. ჩემი აზრით განსხვავება ფულში და ბიზნესშია.“
წელს პირველად მშობლებს, სახელმძღვანელოების სკოლაში შეძენის საშუალებაც მიეცათ, გარდა სკოლისა, სახელმძღვანელოების შეძენა საქართველოს ფოსტითა და კონკრეტულ მაღაზიებშია შესაძლებელი.
საქართველოს მმართველი პარტიის ცნობით, 2012 წელს საქართველოში 7 ახალი სკოლა აშენდა და 20-ს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. მთავრობის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო პროგრამაში – “მეტი სარგებელი ხალხს” მითითებულია, რომ 2016 წლისთვის ეტაპობრივად 150 ახალი სკოლა იქნება აშენებული, 1724 – სრულად რეაბილიტირებული და გაიხსნება 300 მომავლის კლასი.