ნეტგაზეთი | ბოკერია: ენმ აგრძელებს იმ დემოკრატიული წესით ცხოვრებას, რომელიც თვითონვე მიიღო [ ვიდეო] ბოკერია: ენმ აგრძელებს იმ დემოკრატიული წესით ცხოვრებას, რომელიც თვითონვე მიიღო [ ვიდეო] – Netgazeti

ბოკერია: ენმ აგრძელებს იმ დემოკრატიული წესით ცხოვრებას, რომელიც თვითონვე მიიღო [ ვიდეო]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ენმ აგრძელებს იმ დემოკრატიული წესით ცხოვრებას, რომელიც თვითონვე მიიღო. ამის შესახებ მან ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი პოლიტიკური საბჭოს შემდეგ ისაუბრა.

“პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იანვრის ბოლოს ჩატარდება 7000-დელეგატიანი ყრილობა. ორ ვარიანტს შორის იყო განსხვავება.  მე ამას არ ვეთანხმებოდი, მაგრამ პოლიტსაბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ წესით ჩატარდება ყრილობა იანვრის ბოლოს. თავისთავად, ეს არის პარტიის ისეთი განვითარების შედეგი, რომ ასე მიიღება გადაწყვეტილებები, ზოგჯერ ძალიან ცხარე დისკუსიის შედეგად,” – განაცხადა გიგა ბოკერიამ ყრილობის შემდეგ.

როგორც გიგა ბოკერია აცხადებს, მან მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევას. ბოკერია თვლის, რომ ჯობდა უფრო სწრაფად და ევროპული პრაქტიკის მიხედვით ჩატარებულიყო 2000-დელეგატიანი ყრილობა:

“მე ვთვლი, რომ დავით ბაქრაძის არჩევა თავმჯდომარედ წაადგება ჩვენს პარტიასაც და ჩვენს ქვეყანასაც. მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში ჩვენი პარტიის თავმჯდომარე იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნა ივანიშვილმა. ის არის დევნილი და აღარ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. მე ვთვლი, რომ უფრო სწრაფად უნდა ჩავატაროთ ყრილობა იმიტომ, რომ თვითმმართველობის არჩევნები მოდის. ვთვლი, რომ ევროპული პრაქტიკის მიხედვით უნდა ჩავატაროთ ყრილობა, სადღაც 2000 ადამიანით; უნდა ავირჩიოთ თავმჯდომარე და ვფიქრობ, დავით ბაქრაძე არის ჩვენი პარტიისთვის და ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის შესაფერისი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ამ ვითარებაში უნდა იყოს ენმ–ის თავმჯომარე.”

მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დადგა უფრო ნორმალურ და ევროპულ გზაზე, რის მიხედვითაც აზრთა სხვადასხვაობა არის არა მარტო პარტიის შიგნით, რომელიღაც ვიწრო წრეში, არამედ სერიოზული განსხვავებები ხშირად პოლიტიკური საბჭოს განხილვის საგანია.

“ამიტომ მე იმ კრიტიკას, რომელიც ზოგიერთი ჩვენი პარტიის კოლეგებისგან იყო ამ წესისა და უწოდებნდენ პოლიტიკურ ფარისევლობას, დღეს ჩემი პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სამწუხაროდ, მაგრამ ეს არის ამ დემოკრატიული პროცესის ნაწილი,” – ამბობს ბოკერია.

როგორც ბოკერია ამბობს, მიხეილ სააკაშვილის როლი ნაციონალური მოძრაობის ცხოვრებაში არის უზარმაზარი, თუმცა პარტია აგრძელებს ცხოვრებას და იმ ვითარებაში, როცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, ენმ–ს უნდა თავმჯდომარე. ბოკერია მიიჩნევს, რომ საუკეთესო კანდიდატურა ამისთვის არის დავით ბაქრაძე, ხოლო თუ ნაციონალურ მოძრაობას წარმატების მიღწევა სურს, ეს არის ყველაზე კარგი გზა ამისთვის.

“დემოკრატიული პარტიის ნიშან-თვისება არის ის, რომ თუ არაა ძალიან ფუნდამენტალური საკითხი და ისეთ საკითხია, რომელიც ყრილობაზე უნდა გაირკვეს, პარტია აგრძელებს იმ დემოკრატიული წესით ცხოვრებას, რომელიც თვითონვე მიიღო. ჩემთვის მიუღებელი იყო იმ კოლეგების პოზიცია, რომლებიც, როგორც კი რაღაც გადაწყვეტილება არ მოეწონებოდათ, იწყებდნენ ლაპარაკს იმაზე, როგორი არადემოკრატიულია ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ეს არადემოკრატიული და პოლიტიკურად ფარისევლური პოზიციაა. პოლიტსაბჭომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ერთი ხმით გადაწყდა ეს საკითხი და რაც მიიღო, იმით ვიმოქმედებთ ახლა. რაც შეეხება ფუნდამეტურ საკითხს, უნდა იყოს თუ არა ახალი თავმდჯომარე და ჩემს პირად პოზიციას, როგორც მოგახსენეთ, ყრილობაზე იდგება, რა თქმა უნდა,” – განაცხადა ბოკერიამ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, პარტია 7000-დელეგატიან ყრილობას ჩაატარებს და ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს. პოლიტსაბჭოს ერთმა წევრმა თავი შეიკავა.

პოლიტსაბჭოს პარალელურად, ენმ–ის ოფისთან შეკრებილი იყვნენ მხარდამჭერები, რომლებიც 7 000-დელეგატიან ფორმატს ემხრობოდნენ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ მათ გამარჯვება აღნიშნეს და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელს სკანდირებდნენ, რომელიც ასევე ამ წესს უჭერდა მხარს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს 60-დან 50 წევრი დაესწრო და ყრილობის ჩატარების წესის 2 ვარიანტი განიხილა.

პირველი ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 27 დეკემბერს და მასში 2 158-მა დელეგატმა უნდა მიიღოს მონაწოეიბა, ამ ვარიანტის მიხედვით, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი თავმჯდომარე. ეს პოსტი მას მერე გახდა ვაკანტური, რაც მიხეილ საკააშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ეს ვარიანტი მოამზადა სამდივნოს გავლით პოლიტსაბჭოს მიერ ჩამოყალიბებულმა ჯგუფმა.

რაც შეეხება მეორე ვარაინტს, ეს ვარიანტი მოამზადეს პოლიტსაბჭოს წევრებმა: ზაზა ბიბილაშვილმა, ლევან ვარშალომიძემ და ლევან ბეჟაშვილმა. მეორე ვარიანტის მიხედვით, ყრილობა უნდა ჩატარდეს 20 იანვარს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს მინიმუმ 7000-მა დელეგატმა. ამ ვარიანტში ახალი თავმჯდომარის არჩევა გათვალისწინებული არ არის. ამ ვარიანტს მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი. ხმათა უმრავლესობით, სწორედ ეს ვარიანტი აირჩია პოლიტსაბჭომ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.