ახალი ამბები

ჯანელიძე: ევროკავშირმა ვიზის ლიბერალიზაციაზე გვიან მიღებული გადაწყვეტილების ფასი უნდა გააცნობიეროს

30 ნოემბერი, 2016 • 3976
ჯანელიძე: ევროკავშირმა ვიზის ლიბერალიზაციაზე გვიან მიღებული გადაწყვეტილების ფასი უნდა გააცნობიეროს

ევროპარლამენტში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე ვერ თანხმდებიან, შედეგად, საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცესი ფერხდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით წარმოქმნილი სირთულეები საქართველოსთვის გასაგებია, თუმცა ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, თუ რა ფასი აქვს “ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს”:

“ჩვენ სრულად აღვიქვამთ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დღეს დგას ევროკავშირი გაზრდილი მიგრაციული ნაკადის, პოპულიზმისა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავლენის გამო. თუმცა ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ რა ფასი აქვს ყოვლად გაუმართლებლად გვიან მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთო ვალდებულებების შესრულებას შეეხება. ევროსკეპტიკური განწყობების გაღვივება საქართველოში, რომელიც ევროკავშირის ერთგული და მტკიცე პარტნიორია, ძნელად თუ დაეხმარება ევროკავშირს დაძლიოს პესიმიზმი თავის მოქალაქეებში. გასაკვირი არაა, რომ მრავალწლიანი რეფორმებისა და ამ ურთულეს გზაზე მიღწეული პროგრესის შემდეგ საქართველოში საკმაოდ მაღალია ლეგიტიმური მოლოდინები. ამას ჩვენთვის უზარმაზარი სიმბოლური, პოლიტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია და წარმოადგენს ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურებას” – ამის შესახებ მინისტრმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში განაცხადა.

ევროპარლმენტმა და ევროსაბჭომ სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ შეთანხმებას ვერც 29 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიაღწიეს. სავარაუდოდ, ამ საკითხზე მომავალ კვირას განმეორებით იმსჯელებენ. შეჩერების მექანიზმის შემუშავება აფერხებს საქართველოსათვის ვიზის ლიბერალიზაციის პროცედურების დაწყებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან საუბარში ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტი და ევროპული საბჭო დროებითი შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას შობამდე შეძლებს. ჰანი აცხადებს, რომ შესაძლოა ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოოდ პარლამენტში კენჭისყრა თებერვალში ან მარტში შედგეს.

თუმცა “რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ჟურნალისტი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი 2017 წლის ზაფხულამდე გადაიდება, რადგან ევროპარლამენტი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებას დაელოდება. საფრანგეთში არჩევნებში მომავალი წლის აპრილში ან მაისში გაიმართება.

ბრიუსელში მიხელ ჯანელიძესთან ერთად იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც, რომელიც საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრემირის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტებთან, მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან. ასევე, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი