საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, გაუგებარია, რა მიზანი აქვს ონლაინ-სესხების აკრძალვას.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნებისმეირი სესხის გაცემის აკრძალვა მეორე ტიპის სესხის გაძვირებას გამოიწვევს:
“ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის შემცირება ეკონომიკური ზრდის შემცირებას იწვევს. ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანი აქვს ამ აკრძალვას. არასერიოზული მიდგომაა, ონლაინ-სესხი არის სესხის ერთ-ერთი სახე, თუ ვინმე შენობას ჩადგამს და იქიდან გასცემს, რა იცვლება? ონლაინ-სესხი გამარტივებული ფორმაა. სესხების გაცემას თუ გაართულებ, ამ სესხს გააძვირებ. ეს მარტივი ლოგიკაა,” – აღნიშნა კახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეროვნულ ბანკთან ერთად, მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:
„ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის, რასაც ზოგ შემთხვევაში მომენტალური მოკლევადიანი, გარკვეულ შემთხვევებში კი, საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი და შედეგი ექნება.“ – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.