საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უწყების ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყალბი ატესტატებისა და დიპლომების დამზადება-გასაღების ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავა.
დაკავებულთა შორის არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ვახტანგისის ადმინისტრაციულ ერთეულში ეთერ კ., დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი “იბერიას” დირექტორი დავით ჩ. და ორი მოქალაქე.
სუს-ის ცნობით, დავით გურამიშვილის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის “იბერიის” დირექტორმა და ერთ-ერთმა დაკავებულმა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების ყალბი დიპლომები დაამზადეს, რომლის სანაცვლოდაც, 3 500 აშშ დოლარს ითხოვდნენ.
“საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით იკვეთება, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი ზემოხსენებული პირების შემადგენლობით ამზადებდა და ასაღებდა ყალბ დიპლომებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს სხვა მოქალაქეებისთვისაც, რომელთა ვინაობები დგინდება” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
გამოძიება ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 362- ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
