ახალი ამბები

შოთაძე: პირადი ცხოვრების კადრების გამოძიებაში სხვა ქვეყნების დახმარებას ველოდებით

28 ნოემბერი, 2016 • 1337
შოთაძე: პირადი ცხოვრების კადრების გამოძიებაში სხვა ქვეყნების დახმარებას ველოდებით

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან რამდენიმე გახმაურებული საქმის გამოძიებაზე ისაუბრა. მათ შორის იყო პირადი ცხოვრების კადრების გამოძიების საქმეც.

შოთაძის განცხადებით, სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობებით საქართველოს მეზობელ ქვეყნებს მიმართეს. მან განაცხადა, რომ “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” ამ ქვეყნებს ვერ დაასახელებს.

“ყოფილი საჯარო მოხელეები, რომლებიც უშუალოდ ჩართული იყვნენ ამ ვიდეოკადრების შექმნა-დაგროვებაში, პასუხისგებაში არიან მიცემული და მათ მიმართ მიმდინარეობს არსებითი განხილვა სასამართლოში. რაც შეეხება მათი საჯარო სივრცეში გავრცელების გამოძიებას, ეს გამოძიება გრძელდება. მესმის, რომ გასულია დიდი დრო, მაგრამ მსგავსი საქმეების სპეციფიკა არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს 20-ზე მეტი სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობა გაგზავნილი არაერთ ქვეყანაში. იმ ქვეყნებიდან თუ ვერ მივიღებთ შესაბამის ინფორმაციას, ჩვენ არ გვაქვს უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩავატაროთ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ვიდეოკადრები ატვირთულია ინტერნეტსივრცეში სხვა ქვეყნებიდან, არ არის ატვირთული საქართველოდან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობების პასუხებს, რომელთა მიღების შემთხვევაში, მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას,”- განაცხადა შოთაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი