ნეტგაზეთი | აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა განახლებულ სიაში 119 ადამიანია აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა განახლებულ სიაში 119 ადამიანია – Netgazeti
RU | GE  

აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა განახლებულ სიაში 119 ადამიანია

სამუშაო ჯგუფმა აზერბაიჯანში, რომლის შემადგენლობაში აზერბაიჯანელი უფლებადამცველები, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივისტები, ჟურნალისტები და იურისტები შედიან, ქვეყანაში პოლიტიპატიმართა განახლებული სია წარმოადგინა. ინფორმაციას გამოცემა “კავკაზსკი უზელი” სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აქვეყნებს.

აზერბაიჯანში პოლიტპატიმართა სიის შესახებ ინფორმაცია 144 პირთან დაკავშირებით ვრცელდება, თუმცა ამ ეტაპზე მათგან პოლიტპატიმრად 119 პირია აღიარებული.

სამუშაო ჯგუფის წევრისა და ადამიანის უფლებათა კლუბის ხელმძღვანელის, რასულ ჯაფაროვის თქმით, ახალ სიას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის შემდეგ განახლდა, კიდევ 25 ადამიანი შეემატა.

“23 ადამიანის საქმის მონიტორინგი ჩვენ უფრო ადრე დავიწყეთ. ჩვენი გამოძიების დროს დადასტურდა, რომ ეს ადამიანები PACE-ს რეზოლუციით განსაზღვრულ პოლიტპატიმართა კრიტერიუმებში ხვდებიან, გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ორი ადამიანი ვაღიარეთ პოლიტპატიმრად მათი საქმეების შესწავლის შემდეგ”, – ამბობს ჯაფაროვი გამოცემა “კავკაზსკი უზელთან” საუბარში.

25 ახალი პოლიტპატიმარი “რელიგიური აქტივისტების” კატეგორიაში მოხვდა. ძირითადად ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ნარდარანის მოვლენებთან დაკავშირებით სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან დაკავებული.

დაახლოებით ერთი წლის წინ, 2015 წლის 26 ნოემბერს, აზერბაიჯანში, ნარდარანში სპეცოპერაციის დროს ძალოვანბმა 14 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, მოძრაობა “მუსლიმური ერთობის” ლიდერი თალეხ ბაგირზადე. ეს პროცესები გახდა მიზეზი იმ არეულობებისა, რომლის დროსაც 7 ადამიანი მოკლეს. თავად ბაგირზადეს ბრალი ედება განზრახ მკველობაში, ტერორიზმში, მასობრივი არეულობების ორგანიზებაში. თალეხ ბაგირზადე და სხვა 17 ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ჩვენებები წამების შედეგად მისცეს.

რელიგიური აქტივისტების ჯგუფის გარდა, პოლიტპატიმართა სიაში კიდევ სხვა რამდენიმე ჯგუფია: ჟურნალისტები/ბლოგერები, მწერლები/პოეტები, უფლებადამცველები, ახალგაზრდა აქტივისტები, პოლიტიკოსები და პარტიული აქტივისტები, უვადო პატიმრობამისჯილები და სხვა.

პოლიტიპატიმართა კვლავ განახლებულ სიას სამუშაო ჯგუფი აზერბაიჯანში ახალ წლამდეც წარმოადგენს. აღნიშულ სიებს რეგულარულად აწვდიან საერთაშორისო ორგანიზაციებს.

“საერთაშორისო ორგანიზაციებმა აზერბაიჯანის ხელისუფლებას მკაცრად უნდა მოუწოდოს ადამიანის უფლებათა სფეროში თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პატივისცემისკენ”, – ამბობს სამუშაო ჯგუფის წევრი სამირ კამიზლი.

რეალურად, როგორც სამუშაო ჯგუფში ამბობენ, აზერბაიჯანში უფრო მეტი პოლიტპატიმარია, თუმცა, სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის შიშის გამო, მათი ოჯახის წევრები სამუშაო ჯგუფს მათ საქმეებს არ გასაცემენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი