ქოქოლაძის განცხადებით, “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2009 წელს “ელიტ ელექტრონიქსის” დირექტორად “თიბისი ბანკის” თანამშრომელი დავით კენჭაძე დანიშნა, რომელმაც შეგნებულად დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა და ამის გამო “ელიტ ელექტრონიქსი” “თიბისი ბანკმა” დაისაკუთრა.
ანზორ ქოქოლაძე კიდევ ერთ მაქინაციას უწოდებს მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც ახალი ხელისუფლების პირობებში “ელიტ ელექტრონიქსს” კვლავ დაერიცხა ფინანსური ჯარიმა ანზორ ქოქოლაძის მმართველობის პერიოდის გამო.
“დარწმუნებული ვარ, “ელიტ ელექტრონიქსში” შეგნებულად არ მიაწოდეს საგადასახადო სამსახურს დოკუმენტაცია, რადგან დარიცხვა მათ სჭირდებოდათ მათი მხრიდან წინა წლებში ჩადენილი დანაშაულებისა და კომპანიაში არსებული ვითარების შესანიღბად და მარკეტინგული პიარის მეშვეობით წარუმატებლობის დასაფარად”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
ქოქოლაძე პროკურატურას მიმართავს, დააჩქაროს მათ მიერ 2012 წლის დეკემბერში შეტანილი საჩივრის გამოძიება. მისივე თქმით, კომპანიის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია:
“მე კიდევ ერთხელ ვუწვდი მათ მშვიდობის ხელს და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კომპანიას შემოვაბრუნებთ აქტიური განვითარებისკენ, 2 წელიწადში კომპანია სრულად დაფარავს ყველა კრედიტორის წინაშე არსებულ ვალდებულებას, მათ შორის “თიბისი ბანკისას” , წუნააღმდეგ შემთხვევაში ფინანსური ზარალის სრული ანაზღაურება მოუწევს თიბისი ბანკს და მამუკა ხაზარაძეს, ასევე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ამ საქმეში მონაწილე ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს”, – აცხადებს ქოქოლაძე. თუმცა ის არ აკონკრეტებს, როგორ გეგმავს 2 წელიწადში კომპანიის ფეხზე დაყენებას.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა “თიბისი ბანკს”, ისინი კომენტარს ანზორ ქოქოლაძის განცხადებებთან დაკავშირებით მოგვიანებით გააკეთებენ.