ახალი ამბებიეკონომიკა

“საქართველოს რკინიგზის” 25%–ის გაყიდვას ამჯერად კვირიკაშვილის მთავრობა აპირებს

27 ნოემბერი, 2016 • 2243
“საქართველოს რკინიგზის” 25%–ის გაყიდვას ამჯერად კვირიკაშვილის მთავრობა აპირებს

ოთხი წლის წინ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ  „საქართველოს რკინიგზის“აქციების 25%–ის ლონდონის ბირჟაზე განთავსების შესახებ გადაწყვეტილება შეცვალა. მაშინ დარგის სპეციალისტების ნაწილმა სტრატეგიული ობიექტის გასხვისება საფრთხის შემცველად მიიჩნია. საქართველოს ამჟამინდელმა პრემიერმა გუშინ განაცხადა, რომ მთავრობამ შესაძლოა რკინიგზის და “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” წილები გაყიდოს.

“ჩვენ ვაკვირდებით ბირჟებზე სიტუაციას და როგორც კი იქნება საშუალება, პრინციპში, რამდენიმე საინვესტიციო ბანკთან გვქონდა მოლაპარაკება რკინიგზის და ნავთობის და გაზის კორპორაციის 25%–ის ბირჟაზე ლისტინგის, ანუ განთავსებასთან დაკავშირებით. თუ იქნება შესაბამისი საბაზრო კონიუნქტურა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ და ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო პერიოდს დაველოდოთ. უნდა ითქვას, რომ შარშან ნამდვილად არ იყო ამ მხრივ საუკეთესო დრო და ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი და სწორად გასაკეთებელი საკითხი. რა თქმა უნდა, პრივატიზაციის კუთხით რაც იქნება პოტენციალი, ამას ავითვისებთ”, – ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ, 26 ნოემბერს პარლამენტის პლენერულ სესიაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილებოდა.

სს “საქართველოს რკინიგზის”, ისე როგორც სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის”, 100% სახელმწიფო საკუთრებაშია, კერძოდ, ამ კომპანიების აქტივებს ფლობს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული “საპარტნიორო ფონდი”.

2012 წლის მაისში, როდესაც რკინიგზის 25%–ის შესაძლო გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ეკონომისტების ნაწილი, რომლებიც მაშინ მესამე სექტორში მუშაობდნენ, ამჟამად კი ხელისუფლებაში არიან დასაქმებული, ამას ეწინააღმდეგებოდნენ: შოთა მურღულია, რომელიც ამჟამად ქუთაისის მერია, მაშინ “ნეტგაზეთთან” საუბარში ვარაუდობდა, რომ საქართველოს სტრატეგიული ობიექტის “საქართველოს რკინიგზის” ყიდვით რუსეთი იყო დაინტერესებული, ხოლო ლონდონის ბირჟაზე აქციების გატანით ვერ გაკონტროლდებოდა, თუ ვინ შეიძენდა რკინიგზის აქციებს და ეს შესაძლოა რუსეთი ყოფილიყო. ირაკლი ლექვინაძე კი, რომელიც ამჟამად თბილისის მერის მოადგილეა, მაშინ ამბობდა, რომ “გერმანიაში რკინიგზის გასხვისების შესახებ მთავრობა 50 წელია მსჯელობს და გადაწყვეტილება ვერ მიუღია, რაც ამ ობიექტის მნიშვნელობაზე მიუთითებს.”

თუმცა ეკონომიკის სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს რკინიგზის წილის გაყიდვა დასაშვებია იმ პირობით, თუ საკონტროლო პაკეტს სახელმწიფო შეინარჩუნებს.

სს „საქართველოს რკინიგზის“ 100 პროცენტი ამ დრომდე სახელმწიფო მფლობელობაშია.

გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მის მთავრობას აქვს რამდენიმე დიდ პროექტთან დაკავშირებით მსხვილ ინვესტორებთან მოლაპარაკებები:

“ეს არის გონიოს ყოფილი პოლიგონის ტერიტორია, ვაზიანის აეროპორტის სატვირთო ჰაბად გამოყენების საკითხი, ეს არის ასევე სამთო კურორტების მიმართულებით ახალი ბაზების განვითარება, ეს არის გუდაურში ე.წ. კაიშაურის პლატო, სადაც მსხვილი კომპლექსი შეიძლება აშენდეს და კოხტა–გუდაურის მიმართულებით ერთობლივი პროექტი ხორციელდება, ეს არის ასევე წყალტუბოს შემდგომი ათვისება და განვითარება და, რა თქმა უნდა, ქუთაისის აეროპორტში სატვირთო გადაზიდვების კომპონენტის გაჩენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების შემოდინების წყაროს შეიძლება გახდეს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი