ახალი ამბები

“SOS გვასახლებენ” – აქცია პარლამენტთან [ვიდეო]

26 ნოემბერი, 2016 • 1497
“SOS გვასახლებენ” – აქცია პარლამენტთან [ვიდეო]

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ, პარალელურად კი, პარლამენტის შენობასთან იპოთეკური სესხით მოსარგებლე მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს.

“SOS გვასახლებენ” – ამ სლოგანით პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დარეჯან სულაქველიძე ამბობს:

“ამდენი ოჯახის გამოსახლება და ქუჩაში გაყრა სწორი არ არის. ხელისუფლებამ გამოსახლებაზე სასწრაფოდ უნდა გამოაცხადოს მორატორიუმი, ასევე, უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია და თითოეულ საქმეზე მუშაობა დაიწყონ. შეიძლება გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხებიც მიცემა.”

იპოთეკური სესხით მოსარგებლე მოქალაქეების აქცია პარლამენტთან

იპოთეკური სესხით მოსარგებლე მოქალაქეების აქცია პარლამენტთან

აქციის წევრებს ესაუბრა ქუთაისის ერთ-ერთი მაჟორიტარი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი. მისი აზრით, საჭიროა ყველა შემთხვევის ინდივიდუალურად შესწავლა:

“ალბათ, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მოგვიწევს, რომ მომავალში ასეთი ფაქტების პრევენცია მოვახდინოთ. საკანონმდებლო თვალსაზრისით, შეღავათები უნდა მოვუძებნოთ ამ ადამიანებს. ეს არის ჩვენი ამოცანა. ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის, საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა,” – აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

აქციის მონაწილეებს ასევე ესაუბრა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლებამ პრობლემის მოსაგვარებლად კომისია უნდა შექმნას:

“ეს თემა ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამთავრობო კომისია უნდა შევაქმნევინოთ. ჯერ თვითონ შემოგვთავაზონ,  თვითონ რა იდეები აქვთ. ჩვენ გვაქვს იდეები, როგორ შეიძლება მეანაბრეების უზრუნველყოფა, დაცულობა და დაკმაყოფილება. დაველოდოთ, ეს კომისია შექმნან. თვითონ რომ ვერ შემოგვთავაზებენ ვერაფერს, მერე ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს იდეებს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი