“აქ იყო გამოთქმული უამრავი ბრალდება, ზოგიერთ ბრალდებაზე, ალბათ, არც ღირს პასუხის გაცემა, იმდენად აბსურდულია, თუმცა, ყველაზე სერიოზული ბრალდება, რომელიც აქ იყო გამოთქმული, მე მას მინდა ვუპასუხო: აქ იყო ნათქვამი, რომ ჩვენ არ ვასრულებთ პირობას. აქ ერთი რამეა ფაქტი: ყველა პირობა, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა დადებული, არის შესრულებული”, – ასეთი იყო ვანო მერაბიშვილის რეაქცია შალვა ნათელაშვილის ბრალდებაზე, რომელიც მას “ლეიბორისტების” ლიდერმა დებატებისას წაუყენა.
ნათელაშვილის ბრალდება კი მოყვა ვანო მერაბიშვილის მიერ წარმოთქმულ ფრაზას. პრემიერ–მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლებში და “დედები თავისუფლად უშვებენ შვილებს სასეირნოდ გარეთ”.
“ბატონი ვანოს შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მისი სპეცსამსახურების მიერ ჩაცხრილული ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გირგვლიანის და 70 ახალგაზრდის სული ზევიდან იყურება. რა მნიშვნელობა აქვს დედისთვის, მას კრიმინალი მოუკლავს შვილს, სპეცრაზმელი თუ პოლიციის მუშაკი? ასევე ზემოდან გვიყურებენ მიტინგებზე ჩახოცილი ადამიანების სულები. 26 მაისს რომ ჩახოცა ბატონო ვანო, თქვენმა სპეცრაზმმა და მერე მიცვალებულები თავისით რომ ავიდნენ სახურავზე და დენმა დაარტყათ. ეს როგორც რეპლიკა, დანარჩენს მერე ვისაუბრებთ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების გუნდის წევრების ბიზნესინტერესებზეც:
“ალბათ, ბატონ ვანოს კარგად მოეხსენება, მან ყველაფერი იცის, ტელეფონს ავიღებდი– ბატონი ვანო მისმენდა, სახლში დავრეკავდი–ბატონი ვანო მისმენდა, კაბინეტში რამეს ვიტყოდი –ბატონი ვანოს სპესამსახურები მისმენდნენ და ესეც გეცოდინებათ. ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თქვენი ბოლნისის რაიონის მაჟორიტარის, ნაყოფიას შვილი, 21 წლის ლაწირაკი, 2 მილიონ დოლარს იღებს ხელფასს და ეს ორი მილიონი ათასობით მის თანატოლს ეყოფოდა. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ჩოჩელს ლუდის, ხორცის, კანფეტის, პლასტმასის წარმოებაში დასაქმებული ჰყავს მთელი თავისი ნათესაობა და მთელი მცხეთა–მთიანეთის რაიონი შიმშილობს. შეიძლება ეს თქვენ არ იცით, მაგრამ გაცნობებთ, ჩოჩელს ახალგორში, იქაურ საარჩევნო კომისიაშიც ჰყავს ნათესავები დასაქმებული. ისინი იქ სხედან და იქაურ არჩევნებს აყალბებენ”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.
USAID-ს, IFES-ისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი – “დებატები 2012” საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე დღეს, 9 სექტემბერს, 20 საათზე გადაიცა, თუმცა, მასში მონაწილეობა არ მიუღია საარჩევნო ბლოკის, “ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება”, ლიდერს ბიძინა ივანიშვილს.
საარჩევნო დებატებში კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტების პრემიერობის კანდიდატებმა მიიღეს მონაწილეობა და ესენი არიან: ვანო მერაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობიდან “, შალვა ნათელაშვილი “ლეიბორისტული პარტიიდან” და გიორგი თარგამაძე “ქრისტიან–დემოკრატებიდან”.
“ახლა არის საპარლამენტო არჩევნები და ლიდერები უნდა მოვიდნენ და დასხდნენ დებატებში. თუ ეს არ შეუძლია ლიდერს, მე მივეცი მათ საშუალება, მთავრობის წარმომადგენლები მოვიდნენ ერთად, ჯგუფად. მარტო მერაბიშვილი – საპენსიო ადგილზე მყოფი კაცი, ან ბაქარაძე, არ გამოვა. ეს ხელოვნურად შექმნილი დებატები არ ივარგებს, ხალხს აინტერესებს ნამდვილი დებატები რომ შედგეს და რეალური სახე ჰქონდეს”, – აღნიშნული განცხადება ჯერ კიდევ გუშინ ჟურნალისტებთან გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, მან თავისი პოზიცია გააცნო იმ ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც საარჩევნო დებატებს აფინანსებენ.
ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის დებატებში მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მისი ოპონენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
დღეს გამართულ დებატებში წამყვანმა ეკა მიშველაძემ სულ ოთხი კითხვა დასვა, რომელიც შეეხებოდა პარტიების ხედვებს ქვეყნის ბიუჯეტის განაწილებაზე, სტრატეგიულ უსაფრთხოებასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, საგადასახადო სისტემასა და სოციალურ პროგრამებზე.