ახალი ამბები

რატომ არ აქვეყნებს შსს დანაშაულის სტატისტიკას? – კამათი მღებრიშვილსა და კახიძეს შორის

25 ნოემბერი, 2016 • 1691
რატომ არ აქვეყნებს შსს დანაშაულის სტატისტიკას? – კამათი მღებრიშვილსა და კახიძეს შორის

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე, სადაც მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენენ, შს მინისტრობის კანდიდატი გიორგი მღებრიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ოთარ კახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

კახიძის განცხადებით, შს სამინისტრო დანაშაულის სტატისტიკას აყალბებს და არ ასაჯაროებს. გიორგი მღებრიშვილმა ოთარ კახიძეს მოუწოდა, დაესახელებინა ერთი ყაჩაღობა, რომელიც მოხდა და შს სამინისტრომ არ დაარეგისტრირა:

“ბატონო გიორგი, რასაც არეგისტრირებთ, 2016 წლის იანვრიდან მოყოლებული არც ერთი თვე გამოგიქვეყნებიათ. ჩვენ საიდან უნდა ვიცოდეთ, რას არეგისტრირებთ, თუ არ გამოაქვეყნებთ და თუ დამალავთ. თქვენს ვებგვერდზე არის ცდომილება, თქვენს ვებგვერდზე ჩანს, რომ აყალბებთ. იხილეთ “ნეტგაზეთის” სტატია “დანაშაულის სტატისტიკის ლაბირინთი”. 1580 დანაშული გაქვთ დამალული თქვენივე სტატისტიკით,” – განაცხადა ოთო კახიძემ, რაზეც მღებრიშვილმა უპასუხა, რომ ეს შეიძლება  ტექნიკური შეცდომა იყოს.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, შს სამინისტრო საქსტატს აწვდის სტატისტიკას კვარტალში ერთხელ:

“კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქსტატს კვარტალში ერთხელ  მიეწოდება სტატისტიკა. რა გინდა, დავიფიცო, თუ დავიგინო? ვერ გავიგე,  არ მესმის. გელაპარაკებით ქართულად და რა ენაზე დაგელაპარაკოთ?!”

შსს-ს 2016 წლის თებერვლიდან დღემდე არ აქვს გამოქვეყნებული დანაშაულის ყოველთვიური სტატისტიკა, რასაც ადრე აქვეყნებდა. დანაშაულის ყოველთვიურ სტატისტიკაში, რომელსაც საქსტატი ავრცელებს, ასევე არ არის ასახული შსს-ს მონაცემები და ის მოიცავს მხოლოდ პროკურატურის და სასჯელაღსრულების სამინისტროების მონაცემებს. როგორც ნეტგაზეთს საქსტატში განუცხადეს, შსს მათ მხოლოდ სამ თვეში ერთხელ აწვდის მონაცემებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი