ახალი ამბები

სააკაშვილი: გორი იქნება სიმბოლო ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსის

8 სექტემბერი, 2012 •
სააკაშვილი: გორი იქნება სიმბოლო ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსის

“2008 წელს ჩვენმა მტერმა იცოდა რას აკეთებდა, როცა საქართველოს შუაზე წყვეტდა და გორში შემოვიდა, მაგრამ ვერაფერი ვერ უქნა გორელების გამბედაობას. გორში ცხოვრობს ყველაზე მაგარი ხალხი მსოფლიოში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მისი თქმით დღეს საქართველოს მოედნებზე ერთდროულად ყველაზე მეტი ხალხი შეიკრიბა.

მიხეილ სააკაშვილმა გორში შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ მომავალში ვერავინ ვეღარ გაბედავს იმის გაკეთებას, რაც 2008 წელს მოხდა:

“გორის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო 2008 წელს სამწუხაროდ იმ უბედურების გამო, დღეიდან მე მინდა გორი იყოს სიმბოლო ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსის, სიმბოლო აღმშენებლობის. ჩვენი გამარჯვება იქნება, რომ ჩვენ ქვეყანა ავაშენოთ ისე, რომ ვერავინ ვერასოდეს ვეღარ გაბედოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა რამდენიმე წლის წინ. საქართველო იქნება თავისუფალი და მთლიანი ამაში ვარ დარწმუნებული. ჩვენ მოწინააღმდეგეს ეგონა, რომ ხალხს დააბოლებდა, რომ დაანახებდა შორიდან ერთ დოლარიან კუპიურას, ან ერთ მილიონიან კუპიურას და ხალხი ამას გამოეკიდებოდა და ყველაფერს დაივიწყებდა, მაგრამ ნურას უკაცრავად. ძალიან მაგარი თაობა მოდის და ისინი იცხოვრებენ თავისუფალ და ბედნიერ საქართველოში, დიდი მადლობა მეგობრებო რომ მობრძანდით, ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ამის შემდეგ მან ტრიბუნა დატოვა ხოლო გორში მამუკა ჩარკვიანის “ჰიმნი თავისუფლებას” გაჟღერდა, იგივე სიმღერა ჟღერდა დღეს, სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში და ბათუმშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი