ახალი ამბები

“აუდიტორია115”-ის საპროტესტო აქცია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ

25 ნოემბერი, 2016 • 1774
“აუდიტორია115”-ის საპროტესტო აქცია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან აუდიტორია 115-ისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია დაიწყო. პარალელურად უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

აქციის მონაწილე გიორგი მარქარაშვილი ამბობს, რომ აქციის მიზანი არ არის დესტრუქციული: “ჩვენ არ გვაქვს განზრახვა, რომ რაიმე დავამტვრიოთ ან რაიმე არაკანონიერი გავაკეთოთ, ჩვენ ვიბრძვით სტუდენტების თანასწორობისთვის და განათლების ძირეული რეფორმისთვის”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გიორგი მარქარაშვილმა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად, სტუდენტები ითხოვენ, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებს აუნაზღაურდეთ ზეგანაკვეთური შრომა.

აუდიტორია 115-ის 20-ზე მეტმა აქტივისტმა 24 ნოემბრის საღამოს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავა. მათ ღამე გაათენეს შენობაში და ახლაც იქ იმყოფებიან. მათი ნაწილი აქციაზეა, ნაწილი კი შენობაშია დარჩენილი.

აუდიტორია 115-ის აქცია თსუ-ში, 25.11.2016. ფოტო: ლუკა პერტაია

აუდიტორია 115-ის აქცია თსუ-ში, 25.11.2016. ფოტო: ლუკა პერტაია

სტუდენტები სკანდირებენ: “თავისუფლება, თანასწორობა, თავისუფლება”. თსუ-ის სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. მათ სოლიდარობას უცხადებენ რკინიგზელთა პროფკავშირების წევრებიც.

აუდიტორია 115-ის აქცია თსუ-ში, 25.11.2016. ფოტო: ლუკა პერტაია

აუდიტორია 115-ის აქცია თსუ-ში, 25.11.2016. ფოტო: ლუკა პერტაია

აუდიტორია 115 მოითხოვს, რომ:

[checklist]

  • საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს სტუდენტების მიერ შემოთავაზებული ინიციატივა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სტუდენტური თვითმმართველობის მოქმედი მოდელი გაუქმდება, ხოლო მას ჩაანაცვლებს თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სტუდენტური გაერთიანებები;
  • თსუ-ის საფაკულტეტო საბჭოს არჩევნები ჩატარდეს კანონში ცვლილების მიღების შემდეგ, პირდაპირი წესით;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გარე რეფერირების პრინციპის დანერგვის პროცესი;
  • სრულად რეაბილიტირდეს სტუდენტური საერთო საცხოვრებელი;
  • გაიზარდოს მეცნიერების დაფინანსება; [/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი