თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს, 10 საათზე დაიწყო – საარჩევნო უბნები შეუფერხებლად გაიხსნა. მე-6 კორპუსში, რომელიც გუშინ აუდიტორია115-მა დაიკავა, საარჩევნო უბნის გახსნა არც იყო დაგეგმილი.
რექტორი გია შარვაშიძე ამბობს, რომ უნივერსიტეტში არჩევნები მაინც ჩატარდება იმის მიუხედავად, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. ის ეთანხმება აუდიტორია115-ის მოთხოვნებს, რომ ყველა სტუდენტი უნდა იყოს თანასწირუფლებიანი. რექტორს უნივერსიტეტის ავტონომიის იდეაც მოსწონს, თუმცა არ მოსწონს მოძრაობის პროტესტის ფორმა:
“ეს გემოვნების საკითხია. მე ნამდვილად არ მომწონს ეს ფორმა და არ მინდა, ხელი შეეშალოს სასწავლო პროცესს”,- ამბობს შარვაშიძე და თვლის, რომ ეს “პირდაპირი წესით ჩატარებულ პირველ არჩევნებია”.
თვითმართველობის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ბახვა კვირიკაშვილი ელოდება, რომ 115-ის მხარდამჭერები დღეს საარჩევნო პროცესის ჩაშლასაც შეეცდებიან და უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გახსნილი 4 საარჩევნო უბნის პიკეტირებას შეეცდებიან. რექტორი კი ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცულია.
“პიკეტირება რაც არის, კარგად ვიცით, რაც ხდება მე-6 კორპუსში, ეს პიკეტირებას არ ჰგავს. ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად”, – თქვა რექტორმა.
აუდიტორია 115-ის 20-ზე მეტმა აქტივისტმა 24 ნოემბრის საღამოს მე-6 კორპუსი დაიკავა. მათ ღამე გაათენეს შენობაში და ახლაც იქ იმყოფებიან. ნაწილი დღეს 13:00 საათისთვის დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას აპირებს, ნაწილი კი შენობაში დარჩება. ისინი სხვა გეგმების შესახებ არ საუბრობენ.
![აუდიტორია115-ის 20-ზე მეტმა წევრმა 24 ნოემბრის საღამოს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავა. 24.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/11/DSC_0989-525x350.jpg)
აუდიტორია115-ის 20-ზე მეტმა წევრმა 24 ნოემბრის საღამოს უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი დაიკავა. 24.11.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია