20 აგვიტოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის შესაფასებლად კომისია სოფელ კაკაბეთში მეორე დღესვე მივიდა, თუმცა მოსახლეობის ნაწილს კომპენსაცია ამ დრომდე არ მიუღია.
ადგილობრივები, ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ არ მოხდა ზარალის ობიექტურად აღწერა და შეფასება: პირველ კატეგორიაში მოხვედრილი დაზარალებული მოსახლეობა მესამეში გადაამისამართეს და შესაბამისად, ისინი, 1500 ლარის ნაცვლად 500 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ.
პირველ კატეგორიაში შედიან ის დაზარალებულები, რომლებსაც 100%–ით გაუნადგურდათ ვენახი, ამ კატეგორიაში მოხვედრილებისთვის 1500 ლარია გათვალისწინებული; მეორე კატეგორიაში მოხვედრილი დაზარალებულებისთვის, ვისაც ნაწილობრივ დაუზიანდა ვენახი, გამოყოფლია 1000 ლარი, ხოლო მესამე კატეგორიის დაზარალებულებისთვის – 500 ლარი.
კაკაბეთის მცხოვრები თინა კუპატაძის ვენახი, რომელიც ერთ ჰექტარზეა გადაჭიმული, მთლიანად დაისეტყვა და განადგურდა.
“მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად გამინადგურდა ვენახი და მეკუთვნის 1500 ლარიანი კომპესაცია, კომისიამ მესამე კატეგორიაში ჩამსვა. მე 500 ლარს არ ავიღებ და გასაჩივრებული მაქვს”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში სოფელ კაკაბეთის მაცხოვრებელი.
კიდევ ერთი დაზარალებული ნადია ნანუაშვილის ამბობს, რომ მხოლოდ სურსათით დაეხმარნენ:
“ერთი ტომარა ფქვილი, ორი ლიტრი ზეთი და ხუთი კილოგრამი შაქარი მომცეს. მეტი არაფერი. ვენახი მაქვს დასეტყვილია, ნახეს კიდეც. კომისია იყო და ახლა არ ვარ სიაში. 84 წლის პენსიონერი ვარ, მარჩენალი არ მყავს, ვცხოვრობ მარტო”, – ამბობს 84 წლის ნადია ნანუაშვილი.
ადგილობრივი მაცხოვრბელის გელა კუპატაძის განცხადებით კი, გამგეობაში უთხრეს, რომ განცხადება ზარალის შესახებ მაშინვე უნდა დაეწერა:
“მე, მაგალითად, იმ პერიოდში, აქ როდესაც სეტყვა იყო, დასავლეთში ვიყავი, ტრაილერზე ვმუშაობ. მე მაშინევე ხომ ვერ დავწერდი განცხადებას? ახლა ვეუბნები და არაფერს მეხმარებიან”, – ამბობს გელა კუპატაძე.
კოალიცია ”ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, მთავრობა კახეთში სეტყვის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას კომპესანსაციას შერჩევით ურიგებს. სოფელ კაკაბეთში კი ადგილობრივები ერიდებიან ღიად ისაუბრონ სოფელში პოლიტიკური ნიშნით კომპესაციების განაწილების თაობაზე.
სოფელ კაკაბეთს ახალი რწმუნებული ჰყავს, რომელიც ორი დღის წინ დაინიშნა. მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ის მაინც შეძლებს მათი პრობლემების მოგვარებას.
კაკაბეთის რწმუნებული დიმიტრი მჭედლიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნავს, რომ ეს პრობლემები გამოწვეულია იმით, რომ წინა ხელმძღვანელობის მიერ ნაჩქარევად და მოკლე დროში მოხდა მიყენებული ზიანის აღრიცხვა, აღწერა და მისი ზემდგომი ორგანოსთვის მიწოდება.
“ყველანაირად ვცდილობ, რომ სამართლიანად მოხდეს კომპესაციის გაცემა. ხელმძღვანელობას ვესაუბრები. თუმცა, ჯერ–ჯერობით ამ სიტუაციაში მდგომარეობის გამოსწორების ვერანაირ გზას ვერ ვხედავ. მეც არ მსიამოვნებს, რომ ასე ხდება”, – ამბობს სოფლის რწმუნებული.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |