ახალი ამბები

სააკაშვილი: თქვენ არ გიყვართ საქართველო, თუკი ასლან აბაშიძის ხალხი მოგყავთ უკან

8 სექტემბერი, 2012 •
სააკაშვილი: თქვენ არ გიყვართ საქართველო, თუკი ასლან აბაშიძის ხალხი მოგყავთ უკან

პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა ბათუმში, ერას მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაში მონაწილეობდნენ.

 

ყრილობა ბათუმში კონცერტით გაიხსნა, ხოლო შემდეგ ერას მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურმა ლევან ვარშალომიძემ და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან გიორგი ბარამიძემ. ამის შემდეგ კი ტრიბუნასთან საქართველოს პრეზიდენტი მივიდა.

 

“ყველაზე მეტად მე მიყვარს ბათუმელები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მისი თქმით, ბათუმი უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოს ვიტრინა, არამედ – “მე მინდა, რომ თითოეული ბათუმელის ბინა იყოს ისეთი მდიდარული, როგორც ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით.”

სააკაშვილის თქმით, ბათუმი გახდება განათლების ცენტრი, ქალაქი, ბარაკების გარეშე და ადგილი, სადაც 12 თვის განმავლობაშუ ექნება ხალხს შემოსავალი:

 

“ამის გარანტიას გაძლევთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა და იქვე დასძინა, რომ მთავრობა უკვე მუშაობს კანონზე – თავისუფალი ფინანსური ზონის შესახებ აჭრაში.

 

სააკაშვილმა ოპონენტებს მიმართა, რომ მათ არ უყვართ საქართველო:

 

“აქ თქვენ გაცვიათ მაისურები, წარწერით – მე მიყვარს საქართველო. ოპონენტები იძახიან, ჩვენც ხომ გვიყვარს საქართველო?! თქვენ არ გიყვართ საქართველო, თუ ასლან აბაშიძის ხალხი მოგყავთ უკან, რომელმაც კინაღამ დაგვაქცია”.

 

ბათუმში ჩასვლამდე მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდში იმყოფებოდა, ხოლო ბათუმიდან ქუთაისისკენ გაემართა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს 11 ქალაქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი