ახალი ამბები

აპატურაი: რუსეთ–აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება

24 ნოემბერი, 2016 • 1646
აპატურაი: რუსეთ–აფხაზეთის ე.წ. შეთანხმება საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ჯდება

ჯეიმს აპატურაი, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, რუსეთის მიერ აფხაზეთთან ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციას ეხმაურება.

აპატურაის თქმით, ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის ნორმებში არ ექცევა, ასევე, ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშლეკრულების ფარგლებში.

“ამ ე.წ. შეთანხმებას არ აქვს საერთაშორისო ხელშეკრულების ძალა. ნატოს პოზიცია კვლავაც უცვლელია, რომლის მიხედვით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აგრძელებს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას”, – წერს ჯეიმს აპატურაი ფეისბუკზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმებას, რომლის რატიფიკაციის თაობაზე კანონს 22 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა.

2 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე 2015 წლის ნოემბერში დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია მოხდა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მორიგი უკანონო ეპიზოდი უწოდეს. მსგავსი გაერთიანების შექმნას ითვალისწინებდა 2014 წლის ნოემბერში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი