ახალი ამბები

კალაძე: ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს

24 ნოემბერი, 2016 • 1869
კალაძე: ხუდონჰესის პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა, კახა კალაძემ 24 ნოემბერს, პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართელოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი უნდა გამოიყენონ.

იგი ამბობს,  რომ ჰუდონჰესის პროექტი, რომელიც ამჟამად შეჩერებულია, აუცილებლად უნდა განხორციელდეს. კალაძის თქმით, გარდა იმისა, რომ ამ პროექტით საქართველო ენერგეტიკულად მნიშვნელოვან პროექტს შეიძენს, ეს ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, რადგან, როგორც მშენებლობის პროცესში, ასევე მისი დასრულების შემდეგ,  სამუშაო ადგილები შეიქმნება. კალაძის თქმითვე, მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების გასახორციელებლად მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.

“ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული პროექტი ქვეყანაში, დაახლოებით 702 მეგავატის სიმძლავრის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს. თუმცა ვიცით, რომ ამ პროექტს აქვს გარკვეული პრობლემები და ეს პრობლემები არის გადასაწყვეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად. ვაპირებთ, რამდენიმე ხანში წარმოავადგინოთ კონკრეტული გეგმა ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება თანხვედრაში, რომ განხორციელდეს ეს პროექტი,”- განაცხადა კახა კალაძემ.

ხუდონჰესის პროექტის საწინააღმდეგოდ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მნაწილეების განცხადებით, ეს პროექტი სვანეთის ეკოლოგიაზე დამღუპველად იმოქმედებს. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი საპროექტო ტერიტორიიდან გადასახლებას არ აპირებს და ენერგეტიკის სამინისტროს შემოთავაზებას არ თანხმდება. პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 528 ჰექტარი იქნება. კომპლექსის გავლენის არეალში ხვდება შემდეგი სოფლები: ხაიშის თემიდან – ხაიში, იდლიანი, სკორმეთი, ლალხორალი, ტობარი, ლუხი, ქვედა წვირმინდი, ნაკი, დაკარი, შგედი, ლაჯრა, გაღმა ხაიში და ციცხვარი. ჭუბერის თემიდან – სოფელი ლახანი. გარდა ამისა, საპროექტო არეალში ხვდება 584 საფლავი.

კახა კალაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი ბოლომდე ათვისებული არ არის.

“ძალიან ბევრი საინტერესო მდინარე არის საქართველოში, რომელსაც გააჩნია ენერგეტიკული პოტენციალი. სამწუხაროდ, დაახლოებით 20% არის ათვისებული ამ რესურსების და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენი ქვეყანა ელექტროენერგიის თვალსაზრისით არ იყოს დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე. რაც უფრო მეტი ელექტროენერგია შემოგვაქვს მეზობელი ქვეყნებიდან, ეს ყვლაფერი აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე, რადგან გვიწევს ტარიფების გაზრდა და ეს რომ თავიდან ავიცილოთ, მაქსიმალურად უნდა შევძლოთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადგილობრივი რესურსები იქნეს ათვისებული. 2017-2020 წლებში შეიქმნება სულ მცირე 500 მეგავატი დადგმული სიმძლავრე. 2012 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, 15 ახალი ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლოატაციაში. 2 თბოელექტროსადგური და ერთი ქარის სადგური, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს და ამ მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა,”- ამბობს კალაძე.

კომიტეტის სხდომაზე კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ენერგეტიკის სფეროში განხორციელდება 3 მილიარდის ინვესტიცია, განვითარდება ინფრაქტრუქტურა. მინისტრის განცხადებითვე, 2020 წლის ბოლომდე დამატებით 200 000 ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს და განხორციელდება ახალი სოფლების გაზიფიცირება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი