ახალი ამბები

წულუკიანი ელენე ხოშტარიას: მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით

24 ნოემბერი, 2016 • 2505
წულუკიანი ელენე ხოშტარიას: მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით

“მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით”, – ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრს, ელენე ხოშტარიას დღეს პარლამენტში გამართულ გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე. წულუკიანმა ხოშტარიას ასევე უთხრა, რომ მორალურ კრახს განიცდის, რადგან “სანდრო გირგვლიანის მეგობარი ოთო კახიძის გვერდით დგას, რომელიც ახლა ვანო მერაბიშვილს იცავს”.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ხოშტარიამ მინისტრობის კანდიდატს კითხვა დაუსვა რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით წულუკიანის კომენტარზე, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ დაწერილ გადაწყვეტილებას ეხებოდა:

“მე, პირველ რიგში, მივესალმები ნაციონალური მოძრაობის აქ წარმოდგენილი წევრების გადაწყვეტილებას, შემოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ეს არ იყო ის, რაც მოვისმინე არჩევნების ღამეს ცესკოსთან გამართულ ომახიან მიტინგზე. გილოცავთ ამ გადაწყვეტილებას და გილოცავთ იმასაც, რომ გაემიჯნეთ მავანს, რომელიც საქართველოსთან კავშირის დამყარებას გვირაბის მეშვეობით აპირებდა. მილოცვის შემდეგ დგება კითხვების დრო. მე ძალიან მიჭირს სერიოზულად ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მაგრამ ასეთია ჩემი პასუხისმგებლობა და გიპასუხებთ. ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში გეჯიბრებოდით ძველბიჭობაში, გახსოვთ ეს, მე წიგნს ვკითხულობდი, არც ფეხბურთში გეჯიბრებოდით. მე მახსოვხართ. ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ადგილას ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. მე ასევე გისამძიმრებთ იმას, რომ სანდრო გირგვლიანის მეგობარი ზიხართ იქ, სადაც ზიხართ, ოთო კახიძის გვერდით, გისამძიმრებთ ამ, იმედია, დროებით მორალურ კრახს, იმ კაცის გვერდით ზიხართ, რომელიც დღეს ვანოს იცავს”, – განაცხადა წულუკიანმა.

ხოშტარიამ მას სთხოვა, რომ კითხვებისთვის ეპასუხა და დეპუტატების შეფასებებზე ნაკლები დრო დაეხარჯა:

“მე მაქვს გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ვერ წამართმევს ვერავინ, მათ შორის ვერც მორალური კრახის პირობებში მჯდარი ქალბატონი დეპუტატი, რომელმაც უღალატა ირინა ენუქიძის ხსოვნას და ოთო კახიძის გვერდით მოკალათდა”, – თქვა წულუკიანმა.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ ხოშტარიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ წულუკიანს პირადად საერთოდ არ იცნობს და არც მისი ბავშვობა ახსოვს. ხოშტარია ფიქრობს, რომ წულუკიანმა პირადი შეურაცხყოფის ფორმა აირჩია სასაუბროდ:

“ნამდვილად არ ვიცნობ, მაგრამ მაგაზე არ არის აქ საქმე: ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, როგორიც არის რუსთავი 2-ის საქმე, ნატოს მინისტერიალზე თავდაცვის მინისტრის ჩასვლა და კრიმინოგენული ვითარება, ჩვენ მივიღეთ სრულიად უარყოფა: თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ არ იყო საჭირო იქ ჩასვლა, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ კრიმინოგენული ვითარება გადასარევად არის და ქალბატონი თეა პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი”, – უთხრა ნეტგაზეთს ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი