ახალი ამბები

‘ცენტრ პოინტის’ პირამიდის მსხვერპლი 65 ოჯახი ბათუმში

6 სექტემბერი, 2012 •
‘ცენტრ პოინტის’ პირამიდის მსხვერპლი 65 ოჯახი ბათუმში

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ხელშეკრულებები „ცენტრპოინტთან“ გააფორმეს, მას შემდეგ კი, რაც “ცენტრ პოინტი” გაკოტრდა, „დექსუსმა“ ბინის მომავალი მეპატრონეების წინაშე ვალდებულებები აღარ აიღო.

 

მზევინარ გვასალია ერთ-ერთია მათგან, ვინც ოთხი წლის წინ „ცენტრ პოინტ აჭარასთან“ ხელშეკრულება გააფორმა და ბინა ბათუმში, ბაგრატიონის 109-111-ში მშენებარე კორპუსში შეიძინა. დღეს მზევინარი, სხვა მესაკუთრეების მსგავსად, გაურკვეველ სიტუაციაშია. კომპანია „დექსუსი“, რომელმაც “ცენტრპოინტი” მართვაში აიღო, მათ, როგორც მესაკუთრეებს, არ აღიარებს. ბათუმის მერიამ კი ბაგრატიონზე მშენებარე საცხოვრებელ სახლში ოთახები უკვე გაანაწილა. გვასალიამ 38 კვ.მ ფართობის ბინაში 19 474 დოლარი გადაიხადა. მთლიანი თანხა მან შპს „ცენტრ პოინტ აჭარას“ ბათუმის ფილიალის ანგარიშზე 2008 წლის 14  მაისს ჩარიცხა. მას უთხრეს, რომ სახლის მშენებლობა 2009 წელს დამთავრდებოდა. ოთხი წლის შემდეგ მზევინარ გვასალიას უბინაოდ დარჩენის საფრთხე დაემუქრა.

 

„ბინა მქონდა ფოთში. გავყიდე და თანხა მშენებარეში ჩავდე. მითხრეს, რომ ბინა 2009 წლის აგვისტოში დამთავრდებოდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში მზევინარ გვასალია. მშენებლობა არ დამთავრდა. გვასალია დაწვრილებით  ჰყვება, თუ როგორ ცდილობდა გაერკვია, რა ბედი ეწია მის საკუთრებას. 

 

„ვუცადე. არ აშენდა ბინა. გავიგე, რომ ცენტრ პოინტმა გადასცა დექსუსს. ჩავედი თბილისში. შევხვდი მენეჯერს. დექსუსის წარმომადგენელმა მითხრა, რომ  2013 წელს მივიღებდი ბინას, მაგრამ ხელშეკრულება არ გაგვიფორმა. მითხრა, თქვენამდეც მოვალთო. ვუცადეთ, არაფერი. ნოემბრის თვეში დავუკავშირდით ისევ, დექსუსის მენეჯერმა გვითხრა, აპრილის ბოლოს გავარკვევთ მაგ ბინაში შეხვალთ თუ სხვა ფართში გადაგიყვანთო. ვიფიქრე, აპრილის ბოლომდეც მოვიცდი-მეთქი. თურმე ამ პერიოდში მერია ედავებოდა დექსუსს ჩვენს ბინაზე. აპრილში ისევ დავურეკე დექსუსს. მენეჯერმა მითხრა, სასამართლოს მეშვეობით მერიამ წამართვა ბინა. ამიტომ ვერ მიიღებთ მაგ ბინაში ვერაფერსო. გამწარებული ჩავედი მენეჯერთან, თბილისში. მენეჯერი მეუბნება, ბინას ვერ მოგცემთ და სანაცვლოდ შემიძლია კომერციული ფართი მოგცეთო. მე სახლი არა მაქვს, კომერციული ფართი არ მჭირდება, წამოვედი ატირებული. თბილისიდან ბათუმამდე ვტიროდი,“ – იხსენებს გვასალია. 

 

ამის შემდეგ გვასალიამ შეკრიბა სხვა მობინადრეები და მათთან ერთად დახმარების თხოვნით ბათუმის მერიაში მივიდა. 

 

„მერმა, რობერტ ჩხაიძემ გვითხრა, მაგ ბინა არის ჩვენი. ჩვენ წავართვით დექსუსს, თქვენც იბრძოლეთ და თქვენც რაღაცა წაართვითო. მე  ვუთხარი, შენ იბრძოლე და ძლივს წაართვი, მე, უბრალო მოქალაქე, რას წავართმევ-მეთქი?!“ – ამბობს გვასალია. 

 

ბაგრატიონის 109-111-ში მშენებარე კორპუსი მერიას ეკუთვნის, თუმცა სხვა ვერსია აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ფულს იხდიდნენ და ბინებს ელოდებოდნენ. 

 

„ცენტრ პოინტმა მაგნოლიას შენობისთვის მიწა რომ იყიდა და ნებართვა აიღო მშენებლობისთვის, ამის სანაცვლოდ ქალაქის მერიამ მოითხოვა საბინაო ფონდისთვის 10 800 კვადრატული მეტრი. მაია რჩეულიშვილმა სთხოვა, მაგნოლიაში არ მოგცემ მე ამ ფართს, თუ შეგიძლიათ სადმე მიწა გამომიყავით და ცალკე აგიშენებთ სახლსო. გამოუყვეს ბაგრატიონზე მიწა, რომელიც იყიდა 250 ათას დოლარად და დაიწყო სახლის მშენებლობა. მერიას აქედან ეკუთვნოდა 10861 კვადრატული მეტრი ფართობი. პროექტი რომ გაკეთდა სახლის, რაც დარჩა, ერთი სადარბაზო და პირველი-მეორე სართული კომერციულებისთვის გათვალისწინებული, ეს იყო ცენტრ პოინტის საკუთრება, გაყიდა  ცენტრპოინტმა და ვიყიდეთ ჩვენ,“ – ასე აღწერს ლამარა კერვალიშვილი ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებარე სახლთან დაკავშირებულ ისტორიას. კერვალიშვილს ბინის საფასური სრულად აქვს გადახდილი. 

 

მესაკუთრეებმა დახმარების თხოვნით, წერილობითი ფორმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მიმართეს. მთავრობის აპარატმა წერილი პასუხისთვის მერიას გადაუგზავნა. მერიაში კი განაცხადეს, რომ მათ არ ევალებოდა მათი ბინით უზრუნველყოფა და ეს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ვალდებულება იყო. 

 

„გაცნობებთ რომ ქ. ბათუმში, ს. ხიმშიაშვილისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ნაკვეთი და მშენებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დღეისათვის წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკუთრებას და მასში არსებული საცხოვრებელი ფართები უკვე განაწილებულია იმ  მოქალაქეებზე, რომელთა მიმართაც ქ. ბათუმის მერიას გააჩნია სახელშეკრულებო  და სხვა ვალდებულებები ბინით უზრუნველყოფის თაობაზე,“ – ნათქვამია მერიის ადმინისტრაციის წერილში, რომელსაც ხელს ადმინისტრაციის უფროსი გელა მახარაძე აწერს. 

 

„ბათუმელები“ გელა მახარაძეს აქციის შემდეგ დაუკავშირდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს მისამართი შეეშალათ.  

 

„მერია არ დააკმაყოფილებს. მაგათ ფული გადაუხადეს შპს „ცენტრპოინტ ჯგუფს“ საცხოვრებელი ბინებისათვის. შპს „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ გაჩერდა, ვეღარ აშენებს ბინებს, შესაბამისად, არის ვალდებულება შესასრულებელი მის მიერ. მერია აშენებს საკუთარი ფინანსებით. ცენტრ პოინტი აშენებდა  მერიისთვის, რომ ვერ დაამთავრა ცენტრ პოინტმა, ავდექით და ჩვენ თვითონ ვამთავრებთ, ჩვენივე ხარჯებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ეგ შენობა-ნაგებობა არის მერიის და ვის წინაშეც მერიას ვალდებულება არ აქვს, ერთ კვადრატსაც ვერ მიიღებს. მაგნოლიაში მისაღები წილი გადავუტანეთ მანდ. ამიტომ მაგათ მისამართი ეშლებათ,“ – განაცხადა გელა მახარაძემ.  

 

„ხალხის ფულით აშენდა ეს ბინა. 800 ათასი დოლარი გვაქვს ჯამში გადახდილი. 6 სართული ჩვენ ავაშენეთ, ჩვენი ფულით,“ – ამბობს დალი ნაჭყებია. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ბინას ელოდება მშენებარე კორპუსში. 

 

“დექსუსში” ამბობენ, რომ კომპანია არსებული სიტუაციიდან გამოსავალს ეძებს.

 

“გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ ამ ადამიანებს ვთავაზობთ სხვადასხვა კომერციულ ფართობს და სხვადასხვა ობიექტებში გადასვლას. ისინი, ვისაც აქვს სრული დაფარვა, მიიღებენ ალტერნატიულ ფართობს, ხოლო დანარჩენები გადანაწილდებიან სხვადასხვა ობიექტებში. ანუ ჩვენ ვთავაზობთ მათ ბათუმის მაგნოლიაში კომერციულ ფართობს და ასე შემდეგ. დიდი იმედი მაქვს, რომ რაღაცა გამოსავალი იქნება. საბოლოო ჯამში, მიხვდებიან, რომ გამოსავალი აქციის ფორმა არ არის, არამედ არის ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ,“ – განაცხადა “ბათუმელებთან” კომპანია “დექსუსის” პიარმენეჯერმა ნატა თოფურიამ.   

 

თუმცა კომპანიის შეთავაზებული პირობები არ აკმაყოფილებთ მესაკუთრეებს. 

 

„ლევან ვარშალომიძემ ერთ-ერთი შეხვედრისას გვითხრა, დაგეხმარებით, ჩემი იმედი გქონდეთო. მე ვუთხარი. დაველოდები, სანამ ღობე გაიხსნება. ღობე გაიხსნება – მე შევდივარ. წინასწარ ვიღებ ფსიქოლოგთან  ცნობას, რომ არა ვარ შეშლილი, არ ვიცი, რას ვიზამ იქ. ალბათ, თავს დავიწვავ, მერე მაინც  მოხდება გამოკვლევა და ჩემს შვილებს მაინც მისცემ ბინას-მეთქი. აღელდა ვარშალომიძე. მე უფრო ვღელავ. ამდენი ლოდინი, იმედი, იმედი, კი ბატონო, მაგრამ როდემდე და სანამდე?“ –  ამბობს დალი ნაჭყებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი