ახალი ამბები

თავდაცვის კომიტეტში მოადგილის პოსტზე კვიციანსა და აბესაძეს შორის არჩევანი ვერ გააკეთეს

24 ნოემბერი, 2016 • 1241
თავდაცვის კომიტეტში მოადგილის პოსტზე კვიციანსა და აბესაძეს შორის არჩევანი ვერ გააკეთეს

დღეს, 24 ნოემბერს, გამართულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ოპოზიციის კვოტით თავმჯდომარის მოადგილე ვერ აირჩია.

მოაგილის თანამდებობაზე “პატრიოტთა ალიანსს” ემზარ კვიციანი ჰყავდა წარდგენილი, ხოლო “ნაციონალურ მოძრაობას” — ირაკლი აბესაძე.  როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა კენჭისყრამდე განაცხადა, არსებობს ზეპირი შეთანხმება კვოტების განაწილების თაობაზე და კომიტეტმა ენმ-ის კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან “პატრიოტთა ალიანსმა” სამივე კვოტა აითვისა.

ამ განცხადების მიუხედავად, კომიტეტმა მოადგილის არჩევა ვერ შეძლო. ემზარ კვიციანს მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ირაკლი აბესაძეს- რვა დეპუტატმა. გადაწყვეტილების მისაღებად 9 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა თქვა, რომ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკუთვნის საპარლამენტო უმცირესობას, შესაბამისად, მოადგილედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ირაკლი აბესაძე უნდა აერჩიათ.

“მიუხედავად ჩვენი პირადი სიმპათია-ანტიპათიისა, ეს არის პოლიტიკური შეთანხმება, ამიტომ გთხოვთ, ამ შეთანხმებას მხარი დაუჭიროთ”, – უთხრა სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს კენჭისყრის შემდეგ. მან ემზარ კვიციანს ჰკითხა, ხომ არ სურდა კანდიდატურის მოხსნა, რაზეც “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა უარი განაცხადა:

“არანაირი შეთანხმება არ ყოფილა აბსოლუტურად. მაშინ რატომ წარმადგინა პარტიამ?” – უპასუხა კვიციანმა. ირაკლი სესიაშვილმა ემზარ კვიციანს უთხრა, რომ ამ შეთანხმების შესახებ კვიციანს “პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის ლიდერისათვის უნდა მიემართა, კვიციანმა კი უპასუხა, ვკითხე და არანაირი შეთანხმება არ ყოფილაო: “იმიტომ არის დემოკრატია, რომ [კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა] არჩევითი უნდა იყოს. რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი ჩემს და “ნაციონალებს” შორის?”

დღევანდელი მდგომარეობით, “პატრიოტთა ალიანსს” ოპოზიციის კვოტით 3 კომიტეტში ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას — 11 კომიტეტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი