24 ნოემბერს დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დუნკანი საქართველოს ეწვევა.
მინისტრი საქართველოში “უორდროპის დიალოგის” მესამე რაუნდის ფარგლებში ეწვევა. საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც ”უორდროპის დიალოგის” სახელით არის ცნობილი, საქართველო წელს პირველად უმასპინძლებს. თანამშრომლობის ფორმატს საფუძველი 2014 წელს ჩაეყარა.

დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დუნკანი. ფოტო: დუნკანის ტვიტერის გვერდი
ალან დუნკანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, საქართველოს პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ მიხეილ ჯანელიძესთან.
“უორდროპის დიალოგზე” ორი ქვეყნის მთავრობები განიხილავენ საქართველოსა და ბრიტანეთს შორის არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებს.
“დიდი ბრიტანეთი ძალიან აფასებს საქართველოს, როგორც პარტნიორს საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის კუთხით, ისევე, როგორც დემოკრატიის მაგალითს რეგიონში. ჩვენი ეს პოზიცია მტკიცეა”, – ვიზიტის წინ მინისტრის ამ განცხადებას საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს პრესსამსახური ავრცელებს.
“დემოკრატიის განვითარების ხარისხით, გახსნილი ეკონომიკური შესაძლებლობებით და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით პროგრესის გათვალისწინებით, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. საქართველოს პროგრესი ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის გზაზე და ნატოსა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა დამატებით გააღრმავებს უკვე მიღწეულ დიდ პროგრესს”, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპისა და ამერიკის საკითხებში.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოში რეფორმების მხარდაჭერას, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებების დაცვისკენ და თავისუფალი მედიაგარემოს შექმნისკენ. საქართველოში ამ რეფორმების მხარდასაჭერად დიდი ბრიტანეთის “კარგი მმართველობის ფონდი” 2018 წლამდე 4.5 მილიონ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს.
ალან დუნკანი საქართველოში შეხვედრებს 24-25 ნოემბერს გამართავს.