ახალი ამბები

საყოველთაო ნათლობის შემდეგ საყოველთაო ჯვრისწერა

24 ნოემბერი, 2016 • 3002
საყოველთაო ნათლობის შემდეგ საყოველთაო ჯვრისწერა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საყოველთაო ჯვრისწერები მოეწყობა. რას ემსახურება ეს ინიციატივა საყოველთაო ნათლობის დაწესებიდან 8 წლის შემდეგ?

“ჯვარდაწერილ წყვილებს სამების საპატრიარქო ტაძარში დალოცავს მისი უწმინდესობა, მათ კი, რომელთაც თბილისში არ შეუძლიათ ჩამოსვლა, – ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი”, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო და პატრიარქი თავიანთი ქადაგებებით და სხვადასხვა წამოწყებებით არ მალავენ, რომ მათი მთავარი ამოცანაა ქვეყნის გამრავლება. პატრიარქი და სხვადასხვა იერარქები თავიანთ გამოსვლებში ხშირად საუბრობენ, რომ ქალის მოვალეობა დედობა და შვილების აღზრდაა. ყველაზე მასშტაბური ინიციატივა ამ მხრივ ილია მეორემ 2008 წელს წამოიწყო, როდესაც ყოველ მესამე შვილს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი უშუალოდ ნათლავდა.

საპატრიარქო თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ იმ წყვილებს, რომელთაც წლების წინ შექმნეს ოჯახი, მაგრამ რიგი მიზეზების გამო დღემდე არ არიან ჯვარდაწერილნი, მაგრამ ეს ინიციატივა ასევე აღიქვეს, როგორც მომავალი წყვილებისთვის ქორწინების და ჯვრისწერის წახალისებადაც. მაგალითად, ამ ინიციატივის შესახებ 23 ნოემბერს პრესკონფერენცია გამართა საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ ჩიბურდანიძემ, რომელმაც საყოველთაო ჯვრისწერის წამოწყებას დროული უწოდა და აღნიშნა, რომ  საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში არის სოფლები, სადაც ადამიანები 20 წლის მანძილზე არ დაქორწინებულან.

საქართველოში ქორწინებათა ყოველწლიურ რაოდენობაში კლების ტენდენცია შეინიშნება, მაგალითად, საქსტატის ინფორმაციით, 2013 წელს 34 693 წყვილი დაქორწინდა, 2014 წელს ეს რაოდენობა 31 529 -მდე შემცირდა, ხოლო 2015 წელს- 29 157-მდე.

თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, რომ ოჯახის მონოგამიური მოდელი, რომელიც ძირითადად იუდაურ-ქრისტიანული კულტურის სივრცეშია გავრცელებული, წარმოადგენს ევოლუციის შედეგს, რომელიც შემდგომში სოციალურ და კულტურულ ნორმად იქცა. თუმცა ის ფაქტორები, რომლებიც მონოგამიას ამყარებდა, შეიცვალა.

“შრომითი ბაზრის გადანაწილებამ და გენდერული როლების გათანასწორებამ ადამიანებს ინდივიდუალური განვითარების დიდი შესაძლებლობები გაუხსნა. შესაბამისად, სულ უფრო და უფრო ნაკლები ოჯახდება, აღიქვამს რა, ამ ნაბიჯს პირადი თავისუფლების შეზღუდვის საფრთხედ. ის, რომ ეკლესია ან სახელმწიფო ოჯახის მხარდამჭერ პოლიტიკის გატარებაზე არიან ორიენტირებული, სრულიად მართებული ქმედებაა. უბრალოდ, აქ დაისმის კითხვა, რამდენად ესმის ეკლესიას ის გამოწვევები, რის წინაშეც თანამედროვე ადამიანი დგას ოჯახის შექმნისას. პატრიარქს სწამს, რომ მისი პირადი კულტი და ჯვრისწერის საკრალური ხიბლი მეტ მოქალაქეს მოანდომებს, დაქორწინდეს. ჩოხოსნებს სჯერათ, რომ ძველი იდეალების გაცოცხლებას შეძლებენ და ეს მოახდენს ადამიანის მოტივირებას”,- ამბობს გამრეკელაშვილი.

იგი ვერ იხსენებს მსგავს გამოცდილებას, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს, თუმცა აღნიშნავს, რომ დასავლეთში ამ საკითხისადმი ეკლესიის მხრიდან კომპლექსური მიდგომა არსებობს:

“ერთი მხრივ, ისინიც ორიენტირებული არიან ჯვრისწერის საიდუმლოებაზე და მონოგამიური მოდელის გაიდეალებაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, იძულებული არიან, ადამიანთან თანაცხოვრების სხვასდხვა ფორმების მიმართაც შემწყნარებლური იყვნენ. არსებობს მთელი რიგი ინსტიტუციები, რომლებიც წყვილებს ეხმარებიან გადაწყვეტილების მიღებაში, ან უწევენ მათ კონსულტაციას კონფლიქტის დროს, ასევე პროგრამები, რომელთა მიზანსაც მარტოხელა დედების დახმარება წარმოადგენს და ასე შემდეგ. რაც უფრო დრო გავა, მით უფრო დიდი პრობლემა იქნება კლასიკური მონოგამიური ოჯახის, როგორც ფენომენის შენარჩუნება. საინტერესოა, დაძლევს თუ არა ამ კრიზისს საქართველოში პატრიარქის ინიციატივა,”- ამბობს თეოლოგი.

კანონმდებლოით ჯვრისწერას იურიდიული ძალა არ გააჩნია, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის დასაწყისში კანონპროექტის სახით წამოაყენა ინიციტივა, რომელიც ჯვრისწერას იურიდიულ ძალას ანიჭებდა, მაგრამ ინიციატივა საბოლოოდ ჩავარდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საყოველთაო ჯვრისწერა არ არის საპატრიარქოს ერთადერთი ინიციატივა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მოტივით, 2008 წელს ილია მეორემ ყოველი მესამე შვილის პირველი ნათლობა მოაწყო, რომელიც მას შემდეგ რეგულარულად იმართება. ილია მეორეს უკვე 28 000-მდე ნათლული ჰყავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი