ახალი ამბები

ირაკლი ყიფიანი: ჩვენ მივიღეთ არა ეკონომიკური გუნდის განახლება, არამედ სამთავრობო კარუსელი

22 ნოემბერი, 2016 •
ირაკლი ყიფიანი: ჩვენ მივიღეთ არა ეკონომიკური გუნდის განახლება, არამედ სამთავრობო კარუსელი

“მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, გარდა ინფრასტრუქტურის სამინისტროსა, რეალური განახლება არ მომხდარა”, – ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი, რომელიც 2016 წლის არჩევნების წინ პაატა ბურჭულაძის პარტიაში მუშაობდა. მისი თქმით, თუ მთავრობის გაცხადებული მიზანი ეკონომიკური გუნდის განახლება იყო, ეს მიზანი არ შესრულებულა:

“ქართული ოცნების” თითქმის ყველა ლიდერი ამბობდა, რომ მთავარი ცვლილებები მთავრობაში ეკონომიკურ გუნდს შეეხებოდა. იყო განცდა, რომ ახალი სახეებით, ახალი ენერგიით ახალი პროფესიონალებით [შეუდგებოდა გუნდი მუშაობას]. დღეს სახეზე მივიღეთ კარუსელი: ერთი ადგილიდან ადამიანის მეორე ადგილზე გადაყვანა. მაგალითად, ეკონომიკის მინისტრად ინიშნება [გიორგი] გახარია, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკურ პროცესებში მთელი 4 წლის განმავლობაში, როდესაც ის ბიზნესომბუდმსენად მუშაობდა და ასევე ის იყო ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ანუ სამთავრობო სხდომებზე საკმაოდ აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესებში. ეს ადამიანი არ არის ახალი სახე და არც ეკონომიკური გუნდის განახლებას ნიშნავს გახარიას ეკონომიკის მინისტრად დანიშვნა. მეორე, ავიღოთ ქუმსიშვილი, რომელიც ფინანსთა მინისტრად დაინიშნა, ისიც არ არის ახალი სახე. ამ გუნდში მე ვერ ვხედავ ვერავითარ ახალ სახეს გარდა ამ კარუსელისა, რომელიც დაატრიალეს. ეს ის ეკონომიკური გუნდი არ არის, რომლის ხელშიც ეკონომიკა 3%-ით იზრდებოდა?! მთავრობა ახალი მოსულია და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვამბობ, რომ ყველასთვის კარგი იქნება, რომ ის წარმატებული იყოს და ამას ვუსურვებ, რომ სწორი ეკონომიკური რეფორმები გაატარონ. მომავალში გამოჩნდება, რას იზამენ, უბრალოდ, ეს პირველი ნაბიჯი, მიმაჩნია, რომ არ არის ეკონომიკური გუნდის განახლება”, – ამბობს ყიფიანი.

კითხვას, “ქართულმა ოცნებამ” სწორედ ამ ეკონომიკური გუნდით, პოლიტიკითა და პარამეტრებით გაიმარჯვა და შესაძლოა არც თვლის მმართველი გუნდი, რომ ეკონომიკური ბლოკის განახლება საჭიროა და სწორედ ამის დემონსტრირებას ცდილობს, ყიფიანი პასუხობს:

“ძალიან რთულია იმის თქმა, თუ რას ცდილობს. თუ ისინი აღიარებენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები არის, და გვაქვს საკმაოდ რთული ეკონომიკური მდგომარეობა, რატომ არ ცდილობენ, რომ ეკონომიკური გუნდი გაცილებით უფრო ძლიერი გახადონ? მართლა დაგვანახონ რეფორმები. მე ველოდი, რომ კვირიკაშვილი, მაგალითად, სამინისტროების გამსხვილების პრობლემაზე ისაუბრებდა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ნაკლებად ბიუროკრატიული და ფუნქციურად მეტად მოქნილი გახდეს, ისაუბრებდა სამინისტროების გაერთიანებაზე, ბიუროკრატიის ხარჯების შემცირებაზე, ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიაზე. ეკონომიკურ გუნდში ცვლილებები თავისთავად ნიშნავს ახალ სახეებს და შინაარსობრივი რეფორმების გატარებას, რომელზეც საჭიროა ბევრი საუბარი. ჯერჯერობით ეს საკითხი ძალიან ბუნდოვანია. ფაქტია, რომ სამინისტროების რაოდენობა თითქმის არ იცვლება, თუ არ ჩავთვლით დიასპორის სამინისტროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შესვლას, რაც მხოლოდ კოსმეტიკაა”, – აცხადებს ყიფიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, სამინისტროების უმრავლესობას ცვლილებები არ შეეხება, თანამდებობებს ტოვებენ ნოდარ ხადური და ნოდარ ჯავახიშვილი. რაც შეეხება ახალ სახეებს, კვირიკაშვილმა მინისტრობის კანდიდატობის 3 ახალი წევრი წარადგინა- ვიქტორ დოლიძე, ზურაბ ალავიძე და გიორგი გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი