ახალი ამბები | , , , , , , ,

ენმ-ის საარჩევნო ბლოკს ცესკოში სამი წევრი ეყოლება

22 ნოემბერი, 2016 | | 1312
ენმ-ის საარჩევნო ბლოკს ცესკოში სამი წევრი ეყოლება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების მიერ დანიშნული შვიდი წევრიდან სამი ეყოლება იმ პარტიებს, რომლებიც ენმ-სთან ერთად საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ 2014 წლის თვითმმართველობისა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ დღეს, 22 ნოემბერს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვით, განისაზღვრა კვალიფიციური სუბიექტები და ის პარტიები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ.

განკარგულების შესაბამისად, შემდეგი შვიდი პარტია გამოიკვეთა, რომლებსაც ყველაზე მეტი დაფინანსება აქვთ და შესაბამისად ეყოლებათ წევრები ცესკოში, ესენია:

  1. “ქართული ოცნება” – 2,082,238 ლარი;
  2. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 1,122,526 ლარი;
  3. “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა” – 997,037 ლარი;
  4. “ევროპული საქართველო” – 895,726 ლარი;
  5. “პატრიოტთა ალიანსი” – 744,008 ლარი;
  6. “ქრისტიან–კონსერვატიული პარტია” – 598,698 ლარი;
  7. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” – 536,572 ლარი.

ჩამოთვლილი შვიდი პარტიიდან “ქრისტიან–კონსერვატიული პარტია” ენმ-სთან ერთად ბლოკში იყო 2014 წლის არჩევნების დროს, ხოლო “ევროპული საქართველო” – 2016 წლის არჩევნების დროს.

ამას გარდა, აღნიშული დაფინანსების მიხედვით, ცესკოში წევრს კარგავენ თავისუფალი დემოკრატები, რომლებსაც დაფინანსებით გადაუსწრო მრეწველებმა, რადგან მათ ქართული ოცნების დახმარებით ექვსწევრიანი ფრაქცია შექმნეს პარლამენტში ისე, რომ მხოლოდ ერთი წევრი ჰყავთ მრეწველებს პარლამენტში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სულ 13 წევრია: 7 პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია, ხოლო 6 მათგანს საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს და პარლამენტი ამტკიცებს.

ცესკოს თავმჯდომარემ განკარგულება მიიღო საქართველოს ორგანული კანონის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” 30-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის “გ1” ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის, 2014 წლის 15 ივნისის ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებისა და საქართველოს ორგანული კანონის “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” 30-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, პარტიების მიერ წარმოდგენილი წინასწარი წერილობითი თანხმობების საფუძველზე.

განკარგულება ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში, ხოლო გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

დღევანდელ განკარგულებამდე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საკუთარი წევრები ჰყავდათ: “საქართველოს ქრისტიან–კონსერვატიულ პარტიას”, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “თავისუფალ დემოკრატებს”, “ქართულ ოცნებას”, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”, “რესპუბლიკურ პარტიას” და “გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი