ახალი ამბები

ხოშტარია: მთავრობის ახალი შემადგენლობა მიუთითებს, რომ ქართული ოცნება წინა 4 წლით კმაყოფილია

22 ნოემბერი, 2016 • 1170
ხოშტარია: მთავრობის ახალი შემადგენლობა მიუთითებს, რომ ქართული ოცნება წინა 4 წლით კმაყოფილია

საქართველოს პარლამენტისა და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ელენე ხოშტარია მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის შემდეგ აცხადებს, რომ პრემიერის გადაწყვეტილება იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლება წინა 4 წლით კამყოფილია და პოლიტიკის ცვლილებას არ აპირებს:

“ვეხმაურებით მთავრობის მხრიდან ახალი შემადგენლობის წარდგენას. ის გუნდი, ის კანდიდატები, რომლებიც ჩვენ დღეს წარმოგვიდგინა “ქართულმა ოცნებამ”, მეტყველებს იმაზე, რომ ხელისუფლება არის კმაყოფილი იმ ოთხი წლით, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. მათ არ ესმით არანაირი აუცილებლობა იმისა, რომ ქვეყანაში უნდა შეიცვალოს პოლიტიკა ბევრი მიმართულებით. ისინი არიან კმაყოფილი ლარის მდგომარეობით. მათ აბსოლუტურად არ ესმით და არ გაუაზრებიათ, თუ რამხელა ტვირთად აწევს საზოგადოებას ლარის გაუფასურება. მათ არ ესმით, რომ ლარის გაუფასურებას სჭირდება ქმედითი ცვლილებები ეკონომიკურ პოლიტიკაში. მათ არ ესმით, რომ საზოგადოება შეწუხებულია ძალიან მძიმე კრიმინოგენული ვითარებით და აქაც აუცილებელია ქმედითი ცვლილებები. მათ არ ესმით, თუ როგორი გამოწვევებია ქვეყნის სიღატაკე, უმუშევრობა და აქაც აუცილებელია სწორედ ცვლილება, რომელიც საზოგადოებას მოუტანს სიკეთეს. სხვაგვარად იგივე შემადგენლობა ნიშნავს იმავე პოლიტიკის გატარებას.

პოლიტიკური პროცესები არის აბსოლუტურად არაჯანსაღი – პოლიტიკურ მოვლენებს მართავს სუს-ი და ჩვენ ვხედავთ იმავე შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც იმავე ხედვით აპირებს, რომ ეს გააგრძელოს. ეკონომიკური გუნდი არის იგივე არსებითად. ანუ ეს ნიშნავს, რომ ისინი არაფრის ცვლილებას არ აპირებენ ეკონომიკური თვალსაზრისით.” – აცხადებს ხოშტარია.

ხოშტარია ასევე ეხმაურება თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრის, ვიქტორ დოლიძის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე წარდგენას:

“რა თქმა უნდა, არის ადამიანების გადასაწყვეტი, თუმცა პოლიტიკურ პროცესებში ეს ნიშნავს, რომ ამ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდა სერიოზული პრობლემები.”

პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის ახალ შემადგენობას მხარს არ დაუჭერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი