ცესკო, 31 აგვისტოს მეცხრე არხის ეთერში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობაში ადანაშაულებს.
“საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია რეაგირების გარეშე ვერ დატოვებს საარჩევნო ბლოკი ”ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც მან 31 აგვისტოს ტელეკომპანია მე-9 არხის გადაცემა ”მთავარ კითხვაში” გააკეთა,”- ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბერიძის გადაცემაში, “მთავარი კითხვა” განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არ უნდა გააგრძელოს იმავე ხელწერილით, რომელიც მან 2011 წლის არჩევნების დროს გამოიყენა.
“ცესკო-ს შენობა დაიხურება ერთი საათით ან ორი საათით, ან შეაჩერებენ როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდგომ, და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს, რასაც წინასწარ ოცნებობს, სააკაშვილის ოცნებები დავარქვი მე მაგას, ისიც გაყალბებული ოცნებები…”- განაცხადა სატელევიზიო ეთერში ივანიშვილმა.
ცესკო აღნიშნულ განცხადებას პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არარსებულ ფაქტებზე აპელირებასა და უპასუხისმგებლობას უწოდებს.
“მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება იწვევს საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობას და აუარესებს საარჩევნო გარემოს. სატელევიზიო ეთერში გაჟღერებული ზემოაღნიშნული განცხადება საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის არცოდნასთან. მომავალში მსგავსი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ვთავაზობთ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს ორშაბათს, 3 სექტემბერს, მობრძანდეს ცესკო-ში და უშუალოდ გაეცნოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას,”- ავრცელებს განცხადებას ცესკო.