“2012 წლის 23 სექტემბერს აღნიშნული ღონისძიების ჩატარება თავისუფლების მოედანზე მიზანშეუწონელია, რადგან მოცემული ღონისძიება გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას და ხელს შეუშლის მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას,”- ნათქვამია იმ წერილობით განმარტებაში, რომელიც თბილისის მერიამ ბერას კონცერტის გამართვის თაობაზე გააკეთა.
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, “ქართულ ოცნებას” ასევე, წერილობით განემარტა, რომ მას შეუძლია კონცერტის ჩასატარებლად გამოიყენოს ნებისმიერი ისეთი ადგილი, სადაც კონცერტის გამართვით არ შეიზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა (მაგ. ვაკის პარკი, იპოდრომის ტერიტორია.)
კონცერტის ჩატარების გარდა “ქართულმა ოცნებამ” მერიას 2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამართვის მოთხოვნითაც მიმართა.
“2012 წლის 29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე პოლიტიკური აქციის – მანიფესტაციის ჩატარებისთვის საარჩევნო ბლოკს ,,ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ -ს ქ. თბილისის მერიის მიერ ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად მიეცა თანხმობა,” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.