ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში შეკრებილ ახალგაზრდებს, საქართველოს პრეზიდენტი ახალი ქალაქის, ლაზიკასა და განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ესაუბრა.
როგორც სააკაშვილი ამბობს, მთავრობა ახალი ქალაქის მერიას და პორტის ადმინისტრაციას მიმდინარე თვეში, სექტემბერში გახსნის.
“ლაზიკას პორტის მშენებლობა დავიწყეთ, დაახლოებით, ერთი კვირის წინ. ლაზიკას მერიას და პორტის ადმინისტრაციას გავხსნით სექტემბერში.”
ამასთან, პრეზიდენტმა ქვეყანაში ახალი ქალაქების მშენებლობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მშენებლობაში საზოგადოების ჩართულობა მაღალი იქნება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩაერთოს ლაზიკას მშენებლობაში. ჩვენ გავმართავთ აქ სემინარებს. საჯარო დებატებს, სატელევიზიო განხილვებს, ეს ქალაქი უნდა ააშენონ ქართველმა სპეციალისტებმა ყველა სფეროში. ეს ქალაქები ჩემი ახირება კი არ არის. იმისათვის, რომ საქართველო განვითარდეს, იმისათვის რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმას და მეტმა ოჯახმა ისარგებლოს იმით, რასაც ჩვენ ვქმნით, ჩვენ გვჭირდება ახალი სიმძლავრეები. რომელიც თბილისის პარალელურად აუცილებლად თბილისის გარეთ, სხვა ადგილებში. უნდა მოხდეს ყველა რეგიონში რაღაცის გაჩენა. ვაჭრობის, ინდუსტრიის, მიმოსვლის, ტურიზმისა და საკუთარი ცენტრების გაჩენა.”
პატრიოტთა ბანაკში შეკრებილებს სააკაშვილი განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების შესახებაც ესაუბრა.
“ვინც ვერ ჩააბარა წელს, შესაძლებლობა გექნებათ, გამოცდები ყოვეთვიურად ჩააბაროთ. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრო სთავაზობს ყველას 12 თვეს ჯარში სამსახურს და მომდევნო 4 წლის მანძილზე სწავლის საფასურის გადახდას.”