“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ ცესკო–ში დღეს, 1 სექტემბერს, დარეგისტრირებულ 155–წევრიან სიაში 67 მოქმედი პარლამენტარია, სიაში ასევე არიან ყოფილი მინისტრები, სხვადასხვა საკრებულოების წევრები, სკოლის ერთი დირექტორი, სკოლის ერთი პედაგოგი, ხუთზე მეტი კერძო კომპანიის თანამშრომელი, მათ შორის შპს “საქართველოს ფოსტის” სამმართველოს უფროსი სოკრატ მამულაშილი, რომელიც მმართველი პარტიის საარჩევნო სიის ბოლო, 155–ე ნომერია.
ბოლოს წინა, 154–ე ნომერია შპს “სინათლის ქალაქის” დირექტორის მოადგილე დავით ბაკურაძე, სიაში 150–ე ნომერი უკავია შპს “მედიქალ პარკი საქართველოს” ფინანსურ დირექტორს გიორგი მამულაშვილს. აღნიშნულმა კომპანიამ ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არაერთი ახალი სამკურნალო დაწესებულება გახსნა.
“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში 127–ე ნომერია “ჯეოჰოსპიტალის” ქირურგი მერაბ ჯანელიძე, მმართველი პარტიის სიის ოცეულშია შპს “ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრ. საუნივერსიტეტო კლინიკის” დირექტორი ნიკოლოზ ყიფშიძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიაში შეყვანილი 155 პირიდან 46 უმუშევარია, 52 კი უპარტიო.