ახალი ამბები

რ2-ის წილებზე ქიბარ ხალვაშისთვის საჩივლელად ოქრუაშვილი “ევროპის რამდენიმე ქვეყანას არჩევს”

21 ნოემბერი, 2016 • 1502
რ2-ის წილებზე ქიბარ ხალვაშისთვის საჩივლელად ოქრუაშვილი “ევროპის რამდენიმე ქვეყანას არჩევს”

ირაკლი ოქრუაშვილი აპირებს,  რ2-ის წილების საქმესთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშს სასამართლოში უჩივლოს, თუმცა, არა საქართველოში:

“საქმის მომზადება მიმდინარეობს და განიხილება ევროპის რამდენიმე ქვეყანაში სასამართლოსა თუ არბიტრაჟში საქმის წარმოების საკითხი”, – გვითხრა ოქრუაშვილის ადვოკატმა ლევან ალაფიშვილმა.

საქმე ეხება მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გასაჯაროებულ დოკუმენტს, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით,  რუსთავი 2-ზე ქიბარი ხალვაშის საკუთრების უფლება ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის.

დოკუმენტი, რომელიც რუსთავი 2–მა გაასაჯაროვა

დოკუმენტი, რომელიც რუსთავი 2–მა გაასაჯაროვა

“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებულ ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე,”- ვკითხულობთ მეორე პუნქტში.

“ირაკლი ოქრუაშვილი 2010 წლის შეთანხმებით დადასტურებული უფლებების დაცვას ყველა კანონიერი საშუალებით შეეცდება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც”, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ქიბარ ხალვაში კი ამტკიცებს, რომ ზემოხსენებული დოკუმენტი ყალბია.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ნეტგაზეთთან განმარტავს, თუ რატომ მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი ყალბია:

“ხელმოწერა მას  [ხალვაშს] არ ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ასეთ რამეზე ხელი არასდროს არ მოუწერია. არც ყოფილა ამაზე საუბარი, არ ყოფილა ასეთი შეთანხმება და არ ყოფილა ამ საკიხებთან დაკავშირებით განხილვაც კი ირაკლი ოქრუაშვილთან. ეს მან გუშინ დამიდასტურა. საუბარი იყო იმაზე, თითქოს ამ დოკუმენტს ჩაუტარდა მრავალჯერადი ექსპერტიზა და დადასტურებულია, რომ ნამდვილია და ა.შ. ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩაატარეს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერების გარეშე. რას შეადარეს, რომელ ხელმოწერებს შეადარეს და ა.შ”,- ამბობს პაატა სალია.

ქიბარ ხალვაშმა რ2-ის წილების საქმე ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებთან უკვე ორი ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამაჟამად საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. ოქრუაშვილის ადვოკატს ვკითხეთ, როდის შეიტანს მისი მარწმუნებელი სარჩელს ხალვაშის წინააღმდეგ- როდესაც ეს უკანასკნელი საქართველოში ძმებ ყარამანიშვილებთან და ტვ საქართველოსთან დავას დაასრულებს, თუ მანამდე:

“როცა შეირჩევა შესაბამისი იურისდიქცია, სახელმწიფო და ინსტიტუტი, არბიტრაჟი ან სასამართლო”, – ამბობს ლევან ალაფიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი