საარჩევნო პროგრამის თანახმად, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტული მიმართულება უნდა გახდეს:
„საქართველოში დღემდე არ არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკა, ხოლო ბიზნესი მძიმე საგადასახადო ადმინისტრირებისა და წნეხის პირობებშია. ასეთი ვითარება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას,“ – ნათქვამია პროგრამაში.
საარჩევნო პროგრამის თანახმად, ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული იქნება სახელმწიფოს მხრიდან მცირე და საშუალო ბიზნესის იმგვარი წახალისება, რომელიც უზრუნველყოფს ამ სექტორში ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდას.
საარჩევნო ბლოკის პრიორიტეტული მიმართულებებია:
„საოჯახო და მცირე ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნა; დანახარჯების შემცირების უზრუნველმყოფი რეფორმების განხორციელება. ნედლეულსა და რესურსებზე მონოპოლიური ფასების შემცირება, თავისუფალი კონკურენციის პრინციპის განუხრელი დაცვის საფუძველზე.“
საარჩევნო პროგრამის თანახმად, ბლოკი გაატარებს სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ბიზნესგარემოში არსებულ რისკებს შეამცირებს და შექმნის ჯანსაღ კონკურენციას.
პროგრამის მიზანია, მოხდეს საკუთრებისა და გარიგების დაცულობა, მათი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა სამართლიანი სასამართლო სისტემის საშუალებით; საგადასახადო პროცედურების გამარტივება (გადასახადების გამოანგარიშების წესები და გადახდის პროცედურების გამარტივება, ინსტრუქციების კანონში ასახვა); ბიზნესინკუბატორებისა და სხვა მცირე ბიზნესის ხელშემწყობი ინსტიტუტების შექმნა და ხელშეწყობა;
„მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, სიღარიბის დაძლევისა და დასაქმების უზრუნველყოფის ძირითადი წყარო სწორედ მცირე და საშუალობიზნესის განვითარებაა. ამ პოლიტიკის წარმატებით განხორციელების მთავარი შედეგი იქნება მრავალრიცხოვანი და ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბება. როგორც საზოგადობის სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობის გარანტისა,“ – ნათქვამია ბლოკის საარჩევნო პროგრამაში.