ახალი ამბები

‘ოცნების’ პროგრამა ოჯახის ინსტიტუტის სტიმულირების შესახებ

31 აგვისტო, 2012 •
‘ოცნების’ პროგრამა ოჯახის ინსტიტუტის სტიმულირების შესახებ

საარჩევნო ბლოკ “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ცალკე თავი ეძღვნება საკითხს „ოჯახი და ინდივიდი,“ სადაც საუბარია ოჯახის ინსტიტუტის სტიმულირების  შესახებ.

 

პროგრამის დასაწყისში საუბარია სიღარიბის ზღვრს მყოფი ოჯახების სტატისტიკასა და იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა არ ცნობს ოჯახის როლს, არ ინტერსდება მისი პრობლემებითა და საჭიროებებით.

 

„მრავალშვილიანი დედებისათვის დაწესებულ შეღავათებს თუ არ გავითვალისწინებთ, ოჯახის ინსტიტუტის სტიმულირების სხვა პრაქტიკა საქართველოში, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, არ არსებობს,”- ნათქვამია პროგრამაში. 

 

საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ ოჯახის ხელშეწყობის ფარგლებში, ამომრჩეველს განვითარების სტრატეგიას სთავაზობს: 

 

“მცირე ბიზნესის დაწყებაში ოჯახის ჩაბმულობის მხარდამჭერ ღონისძიებებს; საშემოსავლო გადასახადის დასაბეგრ ბაზაში გამოქვითვის სისტემის დანერგვას; მრავალშვილიანობის სტიმულირების სისტემურ და არა ერთჯერად შეღავათებს; მოქალაქეებისათვის თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზაციას, საშუალო ბიზნესის განვითარება; მთლიანად შრომის ბაზრის სტრუქტურაში დაქირავებით მომუშავეთა რიცხვის განუხრელი ზრდა; ასევე, თვითდასაქმებულთა წილის შემცირება ცალკეულ სექტორებში (ძირითადად, აგრარული სექტორი) კოოპერაციის, კომერციალიზაციის დონის ზრდისა და ტექნოლოგიური განვითარების შედეგად. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ეფექტიანი და ცივილიზებული შრომის ბაზრის ჩამოყალიბება. შრომის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია ამ ამოცანის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია.” 

 

საარჩევნო  პროგრამის ამავე თავში შესულია კომუნალური მომსახურების ტარიფების საკითხიც.

 

როგორც პროგრამაშია ნათქვამი, სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტი უნდა იყოს დანაკარგების შემცირება, ეკონომიკურად მომგებიანი ინფრასტრუქტურის წახალისება და ტარიფების გაანგარიშების მექანიზმების სრულყოფა. ამ გზით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ტარიფების ოპტიმიზაცია და მათი სტაბილურობა.

 

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომუნალური ტარიფები უნდა ეფუძნებოდეს რეალურ გათვლებს, შეესაბამებოდეს გაწეული მომსახურების ხარისხს და ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის მოქალაქეებისათვის. აქედან გამომდინარე: 

 

უმოკლეს ვადებში განვახორციელებთ ტარიფების ხელახალ და სამართლიან გადაანგარიშებას ტარიფების მნიშვნელოვანი შემცირების მიმართულებით; 

არ დავუშვებთ ტარიფების ზრდას სუბიექტური, უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების საფუძველზე; 

არ დავუშვებთ ბიზნესისათვის კაბალურ ტარიფებს, რაც აძვირებს პროდუქციას და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას;

გამოირიცხება კოლექტიური მრიცხველები, სხვადასხვა კომუნალური გადასახდელების ერთმანეთზე მიბმა და სხვა ნებისმიერი მექანიზმი, როდესაც უპირატესობა ენიჭება მომსახურების საფასურის ამოღებას და არა მომხმარებელთა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას.”

 

პროგრამის ამავე ნაწილში საუბარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხებზეც.

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ ის ძირითადად უნდა ეფუძნებოდეს კერძო სექტორს, გარდა საქართველოს რკინიგზის, სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის და თბილისის მეტროპოლიტენისა. ავტობუსების, სამარშრუტო მიკროავტობუსების, ტაქსების სფეროში სახელმწიფოს როლი უნდა იყოს მხოლოდ რეგულირება, მარშრუტების სქემების/ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ფასის ზედა ზღვრების (გარდა ტაქსებისა) დაწესების კუთხით. ამასთან, სახელმწიფოს მარეგულირებელი ფუნქცია ხელს კი არ უნდა უწყობდეს ამ სფეროში მონოპოლიზებას ან ცალკეული ოპერატორების ძალაუფლების გაზრდას, არამედ უნდა უზრუნველყოფდეს კონკურენციის ზრდას და ფასების ფორმირების პროცესში უპირატესად საბაზრო მექანიზმების არსებობას.

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია, სარკინიგზო სექტორში, გარდა უშუალოდ სარკინიგზო მაგისტრალის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურისა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების სფეროში კერძო სექტორის როლი პრივატიზაციის, ბარიერების შემცირებისა და კონკურენციის ჩამოყალიბების გზით. თბილისის მეტროპოლიტენთან დაკავშირებით მართვის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი მართვის უფლებით კერძო კომპანიისთვის გადაცემა, პრივატიზაციის გარეშე. საჯარო რეგულირება სატრანსპორტო მომსახურების მასშტაბებისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით უნდა იქნას გადანაწილებული მუნიციპალურ, რეგიონალურ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის,”- ნათქვამია პროგრამის ამ ნაწილში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი