ივანიშვილის თქმით, ის სთავაზობდა ჯონდი ბაღათურიას პარტიულ სიაში ადგილს იმავე პრინციპით, რა პრინციპითაც შედგა სიის პირველი ოცეული – იმ პარტიების პარიტეტული მონაწილეობით, რომლებიც თანამშრომლობენ “ქართულ ოცნებასთან”.
“მაგრამ სულ ბოლო მომენტში რაღაცამ აცდუნა და რატომღაც ესეთი განცხადება გააკეთა, შეწყვიტა ჩვენთან საუბარი, ანალიზი ცოტა გვიან გავაკეთოთ, რა მოხდა, დღეს ამისთვის ნუ დავკარგავთ დროს”, – განაცხადა ივანიშვილმა ჯონდი ბაღათურიას შესახებ.
“შემიძლია ნაწილობრივ დავადასტურო ის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, კერძოდ, ის, რომ იყო სიაში ყოფნის შემოთავაზება და სხვა შემოთავაზებაც. მაგრამ მეორე ნაწილი მისი განცხადების არის არასწორი ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ჩანს ჩვენ შორის კომუნიკაციის პრობლემა. არის რაღაც ინფორმაცია, რომელიც სწორად არ მეჩვენება და ამიტომ დასაზუსტებელი გვაქვს ეს, რამდენად სწორად მიჰქონდათ და მოჰქონდათ ჩვენ შორის ინფრომაცია”, – განაცხადა ბაღათურიამ “ნეტგაზეთთან” საუბარში.
“ქართული დასის” ლიდერის თქმით, ერთ თვეზე მეტია არ ყოფილა კომუნიკაცია მასსა და ივანიშვილს შორის:
“მანამდე რამდენჯერმე გვქონდა პირდაპირი შეხვედრები და ძალიან საქმიანი მოლაპარაკება. ასევე იყო შეხვედრები, რომლებსაც სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ”, – აცხადებს ბაღათურია, რომელიც ივანიშვილის განცხადებაზე მოგვიანებით აპირებს საპასუხო განცხადების გამოქვეყნებას.
ბაღათურია ადასტურებს, რომ საბოლოოდ მან თქვა უარი ივანიშვილის შეთავაზებაზე პარტიულ სიაში მონაწილეობის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული დასი” და მინდია გულუას “განახლებული საქართველოსთვის” 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი კოალიციის სახით მონაწილეობენ. დღეს ამ კოალიციამ საარჩევნო სია წარადგინა ცესკოში, რომლის პირველი ნომერი ჯონდი ბაღათურიაა, მეორე კი – ნანა გულუა, მინდია გულუას და და პარტიის “განახლებული საქართველოსთვის” თავმჯდომარე.