ახალი ამბები

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

19 ნოემბერი, 2016 •
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

შაბათს, 19 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა სამივე პირი თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დააკავეს მსუბუქი ავტომობილით გადაადგილებისას. პოლიციამ დაკავებულებისა, მათი ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 48 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ერთ-ერთი ბრალდებულის ჩხრეკისას და მეოერე მათგანის საცხოვრებელი სახლიდან, პოლიციის ცნობით, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულები არიან  33 წლის ზ.ო, 23 წლის ქ.კ და 26 წლის ლ.ზ.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტ წლამდე), 236-ე მუხლის მე-2 (ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე) და მე-3 (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე) ნაწილებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი