“ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ და გვაქვს ეს ინფორმაცია და თვალ–ყურს ვადევნებთ”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ადგილობრივმა წარმომადგენელმა ნინო სუხიტაშვილმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მისიის მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარები არ გაკეთდება დეტალების თაობაზე.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ლოპოტას ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა და საქმიანობს.
საქართველოს მთავრობის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დივერსანტების შეიარაღებული ჯგუფის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს, რასაც უკვე ემსხვერპლა 3 სპეცრაზმელი, დაიჭრა 5, ასევე, ლიკვიდირებულია ჯგუფის 11 წევრი. სპეცოპერაცია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.