ახალი ამბები

სააკაშვილი ჩრდილოკავკასიელებს მიმართავს, ნუ გამოაყენებინებენ თავს პროვოკაციის ბრმა იარაღად

29 აგვისტო, 2012 •
სააკაშვილი ჩრდილოკავკასიელებს მიმართავს, ნუ გამოაყენებინებენ თავს პროვოკაციის ბრმა იარაღად

“90–იან წლებში ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყანაში იყო დიდი არეულობა სწორედ ამ რეგიონებში და მათ მოახერხეს თავისი არეულობის ექსპორტი საქართველოს ტერიტორიაზე, შემოიყვანა თავის შეიარაღებული რაზმები აქეთ და ამას მოჰყვა ცნობილი მოვლენები ცხინვალში, აფხაზეთში, პანკისის ხეობაში. ამას მოჰყვა დიდი არეულობა საქართველოში. ამ მთებს იქით არის დიდი არეულობა, ამ მთებს აქეთ, თუნდაც აქ, ჩვენთან, კახეთში, ჩვენ გვაქვს დიდი აღმშენებლობა და დიდი განვითარება. ჩვენ ვართ დღეს სულ სხვა სიტუაციაში, ვიდრე ეს იყო 90–იანებში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ  ის არასტაბილურობა, რომელიც არის ამ ქედს იქით, დარჩება იქით და ვერ გადმოვა აქეთ:

“მე მინდა მივმართო ჩვენს ჩრდილო–კავკასიელ ძმებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მწყობრი ხედვა კავკასიის, როგორც ერთიანი მშვიდობის, კულტურის, პოლიტიკის, ეკონომიკის მქონე ტერიტორიის. ამიტომ ჩვენ გახსნილი ვართ ყველანაირი კონტაქტებისთვის მათთან.

ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენ მივესალმებით რუსეთიდან ტურისტებს. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ შეიარაღებულ მოქმედებებსა და ამ ჯგუფების გადაადგილებას. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. ამიტომ მინდა მივმართო თითოეულ მათგანს, ნუ გამოაყენებინებენ თავს პროვოკაციის ბრმა იარაღად. ის არასტაბილურობა, რომელიც არის ამ ქედის იქით, დარჩება იქით და ვერ გადმოვა აქეთ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილობრივ ხალხს და საერთოდ საზოგადოებას არაფერი ემუქრებათ:

“ვინც ჩაიდინა ჩვენი სპეცრაზმელების მკვლელობა, მათი მოქმედებები ყველა მეთოდის გამოყენებით საქართველოში იქნება აღკვეთილი. ჩვენ ყველა ზომას მივიღებთ, რომ მომავალში ასეთი რამ ვინმემ არ სცადოს. ეს იქნებ კარგი გაკვეთილი. . . რა თქმა უნდა, ჩემთვის განსაკუთრებულად მძიმეა საუბარი იმაზე, რომ ჩვენი  სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ ამ ბოლო დღეების მოვლენებს, მაგრამ ისინი შეეწირნენ, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და ვეღარავინ ვერასდროს ვეღარ არიოს ვითარება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი