ახალი ამბები

საიამ და გაზეთმა “ბათუმელებმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურაში უჩივლეს

18 ნოემბერი, 2016 • 1544
საიამ და გაზეთმა “ბათუმელებმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს პროკურატურაში უჩივლეს

დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ “გაზეთი ბათუმელების” სახელით მთავარ პროკურატურაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ გამოძიების  დაწყების მოთხოვნის შესახებ განცხადებები შეიტანეს.

ბათუმელე ბის სახელით, საია ითხოვს გამოძიების დაწყებას სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შესახებ. საქმე ეხება საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას 2013 წლის განმავლობაში შსს-ს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების შესახებ.

დავა გაზეთ “ბათუმელებსა” და შსს-ს შორის უკვე 3  წელია გრძელდება. “ბათუმელებმა” და საიამ სამივე ინსტანციის სასამართლო მოიგეს, თუმცა შსს კვლავ უარს ამბობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე.

კერძოდ, გაზეთმა „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 25 ნოემბერს მიმართა. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გასცა საჯარო ინფორმაცია, გაზეთმა „ბათუმელებმა“ საიას დახმარებით მიმართა სასამართლოს.

მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ სამინისტრომ სასამართლო პროცესზე წარადგინა 2014 წლის 15 იანვრის წერილი, რომლითაც გასცა პრემიების შესახებ ინფორმაცია ჯამურად და არა თანამდებობის პირების მითითებით, ცალ-ცალკე.

სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოშ, ისე საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 29 სექტემბერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო გადაწყვეტილების ძალით, დაევალა გასცეს ზემოაღნიშნული საჯარო ინფორმაცია.

საიას ცნობით,  ამის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოთხოვნილი ინფორმაციის, სრულყოფილი სახით გაცემა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაიბარა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაგზავნილი აღსასრულებელი მოთხოვნის შესახებ შეტყობინება, მაგრამ,  სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აღუსრულებია. საიას განცხადებითვე, აღსრულების ეროვნული ბიურო იძულებით აღსრულებას ვერ განახორციელებს და სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მხოლოდ შსს-ს შეუძლია.

შესაბამისად, საიამ გაზეთი “ბათუმელების” სახელით დღეს, 18 ნოემბერს, რეაგირებისთვის პროკურატურას მიმართეს.

“სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. ჩვენთვის უცნობია, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირ(ებ)ის ვინაობა ან/და მათი ბრალეულობის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა, ვფიქრობთ, რომ აშკარაა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, ამდენად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის და 101-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების საფუძველზე ჩვენ, მივმართავთ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით,”-აღნიშნულია საიას და IDFI-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიას გარდა, დღეს მსგავსი მოთხოვნით განცხადება შეიტანა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI). ორივე ორგანიზაცია ითხოვს შსს-ს მიმართ გამოძიების დაწყებას საარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი