სამინისტროს ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.
სამინისტროს ცნობით, შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული.
შსს ასევე ავრცელებს ვიდეომასალას, სადაც ასახულია თათბირი პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან.
პირველი ცნობა მიმდინარე ოპერაციის შესახებ შსს -მ 28 აგვისტოს,, 23.00 საათზე გაავრცელა.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი, რომლის რეპორტიორები მთელი ღამე თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან მუშაობდნენ, იუწყება, რომ ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ლაფანყურის თავზე სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ, საზღვრის მიმართულებით მობილიზებულია 200-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო, ასევე, ათზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობები დაჭრილებისა და დაზარალებულების შესახებ.