ახალი ამბები

როცა მინისტრი ტელევიზიას კვერცხების სროლით ემუქრება

28 აგვისტო, 2012 • • 1160
როცა მინისტრი ტელევიზიას კვერცხების სროლით ემუქრება

გოგა ხაჩიძის პროტესტი ტელეკომპანია “მე-9 არხის” ეთერში გასულმა ნათია მიქიაშვილის გადაცემა – “ანატომიამ” გამოიწვია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს შეეხებოდა:

 

“თუ ჩვენი კანონმდებლობა ამას ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდის და ღალატის კვალიფიკაციას არ აძლევს, მაშინ კანონია დასახვეწი. დარწმუნებული ვარ, მომავალი პარლამენტი გამოასწორებს ამ საკითხს. ესენი ჩვეულებრივი, მარტივი მოღალატეები არიან, ადრე ასეთებს ცხენის კუდზე აბამდნენ…”, – აღნიშნული კომენტარი გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ფეისბუქში, პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

 

იზიარებენ თუ არა მინისტრის პოზიციას მმართველი გუნდის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მომავალ პარლამენტშიც უმრავლესობით აპირებენ მოსვლას, განიხილავენ თუ არა ისინიც მედიაპროდუქტს “ანტისახელმწიფოებრივ პროდუქტად” და შესაძლოა თუ არა ამ ნიშნით მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მმართველი გუნდის მიერ?

 

“მე ვერასდროს დავუჭერ მხარს იმას, რომ რაღაც ტიპის გადაცემები იკრძალებოდეს, ან ასეთ გადაცემაზე რამე ცენზურა იყოს. თუ ნათია მიქიაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არის აგრესორი და რუსეთია მსხვერპლი, მე შემიძლია ვთქვა, რომ მისი პოზიცია არის ლოგიკას მოკლებული და სრულ შესაბამისობაშია პუტინის და მედვედევის პოზიციასთან. ამის შეზღუდვას უნდა ახდენდეს საზოგადოება და არა –კანონმდებლობა”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პავლე კუბლაშვილმა, რომელიც არის მოქმედ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

გამოხატვის თავისუფლებაზე რაიმე საკანონმდებლო შეზღუდვის დაწესების მომხრე არ არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი:

“პარლამენტში მსჯელობა უნდა იყოს იმ თემაზე, ეროვნული უსაფრთხოების თემატიკა როგორ შუქდება ქვეყანაში, რომელიც ომში იყო და რომელიც აგრესიის მსხვერპლი გახდა. რა როგორ უნდა გაშუქდეს, ამაზე მსჯელობები შეიძლება, მაგრამ, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს მინიმუმ და მაქსიმუმ აშშ–ის სტანდარტების დონეზე. სხვათა შორის, ამას უფრო ეთიკა არეგულირებს, ვიდრე – კანონმდებლობა”, – აცხადებს დავით დარჩიაშილი, “– მე იმის მომხრე ვარ, რომ საზოგადოებამ ასეთ გადაცემას და მის შემკვეთებსა და შემსრულებლებს განაჩენი თავად გამოუტანოს.  მე ნამდვილად მომხრე ვარ, ამაზე გაიმართოს მსჯელობა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს არ უნდა გასცდეს დემოკრატიის სტანდარტებს. შეერთებულ შტატებში ყველანაირი გადაცემები შეიძლება გავიდეს ეთერში, მაგრამ ამასთანავე, ჟურნალისტური ეთიკა, ჟურნალისტური ორგანიზაციები არეგულირებენ ბევრ რამეს”.

მინსიტრი გოგა ხაჩიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ მან თავისი პირადი, ადამიანური პოზიცია გამოხატა ფეისბუქის პირად გვერდზე და თავისი განწყობის მიზეზსაც ხსნის:

“ის, რაც გააკეთა მიქიაშვილმა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდა. არ ვიცი, ამას რა უნდა დაარქვა, ეს არის ტყუილების მთელი კასკადი, სადაც არც კითხვაა დასმული, არც პასუხი ისმის. ეს არის მარტივი მავნებლობა. ჩემი ადამიანური პოზიციაა, რომ თუ ასეთი რამეები დასაშვებია, ჩემთვის ეს მიუღებელია, არ შეიძლება ადამიანმა ასეთი რამ გააკეთო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი