ახალი ამბები

საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის წევრი გახდა

28 აგვისტო, 2012 •
საქართველო კლიმატის მწვანე ფონდის წევრი გახდა

“აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველოს წარმომადგენელი გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე ნომინირებული იქნა მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს წევრად და 2012 წლის მაისში ბონში გამართულ კლიმატის ცვლილების კონვენციის ორგანოების სესიებზე ფონდის სამდივნომ დაადასტურა გიორგი ზედგინიძის არჩევა ფონდის საბჭოს წევრად,”- ავრცელებს განცხადებას გარემოს დაცვის სამინისტრო. 

 

სამინისტროს ინფორმაციით, მწვანე კლიმატის ფონდი განვითარებადი ქვეყნებისთვის ყოველწლიურად 100 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას უზრუნველყოფს. 

 

“ფონდის აღმასრულებლი საბჭოს წევრებს შორის არიან: დასავლეთ აფრიკის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ჩინეთის ფინასთა მინისტრის მოადგილე, მექსიკის ყოფილი ფინასთა მინისტრი, ბელიზის ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების მინისტრი, ნორვეგიის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, კოლუმბიის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. 

 

მწვანე კლიმატის ფონდის აღმასრულებელი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 24 ადგილით, რომელიც თანაბრად ნაწილდება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. კანკუნში მიღებული გადაწყვეტილებები არათანაბარ პირობებში აყენებდა კონვენციის მხარე ქვეყნებს, კერძოდ, “კანკუნის შეთანხმებებით”განსაზღვრული მწვანე კლიმატის ფონდში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ჯგუფში შემავალი დანართ 1-ში არჩართული ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობა გამორიცხული იყო. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად საქართველომ შეიმუშავა სპეციალური პოზიცია, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით დაეგზავნა შესათანხმებლად ჯგუფის სხვა წევრ ქვეყნებს. 2011 წლის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობდა პარტნიორ ქვეყნებთან (ევროკავშირი, აშშ, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და ა.შ.), რათა ეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილიყო კლიმატის ცვლილების მე-17 კონფერენციაზე ქ. დურბანში,სამხრეთ აფრიკა. საქართველოს დელეგაციის აქტიურობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ფონდის საბჭოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ ჯგუფში შემავალი დანართ 1-ში არჩართული ქვეყნების ჩართვის შესახებ,”- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი