ახალი ამბები

აუდიტის სამსახურის სანქციები მმართველ პარტიას

27 აგვისტო, 2012 • 1684
აუდიტის სამსახურის სანქციები მმართველ პარტიას

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოფიციალურად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პოლიტიკური სუბიექტისათვის სოლიდური თანხების შემომწირველი ხუთი პირის შემოსავლები შეუსაბამოა რაიმე სახის დანაზოგის განხორციელების შესაძლებლობასთან”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში, რომელიც მმართველი პარტიის უკანონო შემომწირველებს ეხება.

 

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხუთი შემომწირველი პირის სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე. შესაბამისად, მათ მიერ პოლიტიკური გაერთიანებისთვის შეწირული თანხები ჩაითვალა უკანონო შემოწირულობად და სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის (1.575.000 ლარის) ფარგლებში ყადაღა დაედო მათ ქონებას.

 

უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განსახილველად  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის” შეწირული თანხების კანონიერების შესწავლის პროცესში ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიჩნია, რომ ერთი პირის შემოწირულების შემთხვევაში გამოიკვეთა მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადების ნიშნები. საკითხის ამომწურავად შესწავლის და შემდგომი რეაგირების მიზნით, საქმის მასალები საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.

 

ამას გარდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ააიპ „საქართველო არ იყიდება”-ს წევრების – გიგა ნასარიძისა და ირაკლი ლექვინაძის მიერ პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ განხორციელებული არაფულადი შემოწირულების საკითხი.

 

„საქართველო არ იყიდება”-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არ არის ასახული ვიდეორგოლების სახით არაფულადი შემოწირულების მიღების ფაქტი და არ არის დეკლარირებული „მოქალქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დაცვით. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ააიპ „საქართველო არ იყიდება”-ს მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელშიც ორგანული კანონით განსაზღვრული სანქციის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. სამართალდარღვევის საქმე განსახილველად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა”, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს წინადადებით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, უკანონოდ მიჩნეული თანხები დაუბრუნოს შემოწირულების განმხორციელებელ პირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის შესაბამისად, აღნიშნული თანხა გადაირიცხება საქართველოს  სახელმწიფო ბიუჯეტში

მასალების გადაბეჭდვის წესი