ახალი ამბები

რას ემსახურება ‘ნაციონალების’ ყრილობა ღია ცის ქვეშ

27 აგვისტო, 2012 •
რას ემსახურება ‘ნაციონალების’ ყრილობა ღია ცის ქვეშ

მმართველი პარტიის ყრილობა 1 სექტემბერს დაგეგმილია: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავში, ამბროლაურსა და თბილისში. 

როგორც “ნეტგაზეთს” პარტიიდან აცნობეს, თბილისში “ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ყრილობა სპორტის სასახლეში ჩატარდება, სადაც 10 000–მდე ადამიანი ეტევა. სხვა ქალაქებში კი მმართველი პარტიის აქტივისტები პირველ სექტემბერს ღია ცის ქვეშ შეიკრიბებიან. მაგალითად, მცხეთაში ყრილობა ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გაიმართება, ბათუმში – ერას მოედანზე.

 

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკვე დაწყებულია მასშტაბური ყრილობისთვის მზადება, ყრილობის ფარგლებში ამ ქალაქებში კიდევ ერთხელ მოხდება რეგიონების მიხედვით მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ყრილობები უნდა იყოს, როგორც არასდროს, ისეთი მასობრივი და მასშტაბური, იქ მისული ადამიანების რაოდენობის მიხედვით.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ გორში 1 სექტემბერს მმართველი პარტია 30 000 მხარდამჭერის მობილიზებას გეგმავს.

მხარდამჭერების რაოდენობაზე კონკრეტული ციფრებით საუბარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ სამტრედიაში ვიზიტის დროს დაიწყო:

“აქ არის დღეს 12 ათასი კაცი – აბსოლუტური რეკორდი სამტრედიის ისტორიაში. მე ამას ვამბობ საქმის გამოცდილებით, იმდენჯერ ვარ აქ ნამყოფი სხვადასხვა აქციებზე, მინდა გითხრათ, რომ ახლა განსაკუთრბეული მომენტია და თქვენც განსაკუთრებულად მიუდექით მთელი საქართველოს დასანახავად”. 

 

ქუჩაში გამოსული მხარდამჭერების სტატისტიკაზე ამ დრომდე კოალიცია “ქართული ოცნება” საუბრობდა. კოალიციამ ხალხმრავალი მიტინგების ორგანიზება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 27 მაისიდან თბილისიდან დაიწყო. მაშინ “ოცნების” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ თბილისის მიტინგს დაახლოებით 200 ათასი ადამიანი ესწრებოდა. კოალიციის მასობრივი აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, გორში, მცხეთაში, რუსთავში, ბათუმში, ამბროლაურში. კოალიციის ცნობით, ამ აქციებში 3 000-დან  50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. 2 სექტემბერს კოალიციის აქცია თელავში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი