“ხშირად ასახელებენ თბილისში, მაგალითად, მთაწმინდაზე, მუდამ ამბობენ ჩვენთან გუნდშიც, რომ ვიღაც გეგენავა, რომელიც ყველა სახლში შედის, ეს არის “ნაციონალების” მაჟორიტარი კანდიდატი, ყველას სახლში შედის, ყველასთან საერთო ენა გამონახა და აი, მისი მოგება არავის არ შეუძლია ლამის ჩვენი კოალიციიდან.
ძალიან კარგად გააცნობიერეთ – ნებისმიერი მაჟორიტარი, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობას” უჭერს მხარს, ის ვერ იქნება თქვენი მეგობარი, ის არის “ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი, ის არ შეიძლება განიხილოთ ცალკე”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ლენტეხში სიტყვით გამოსვლის დროს.
“ძალიან ბევრი რეგიონიდან მოდის ხმა, რომ აი, “ქართულ ოცნებას” მივცემთ ხმას, მაგრამ მაჟორიტარი არის ვიღაც ძალიან კარგი, გეგენავა თუ ვიღაც სხვა და ჩვენ გვინდა, რომ გეგენავას დავუჭიროთ მხარი. არ ენდოთ! ანალიზი გააკეთეთ. თუ გეგენავა დღეს ამ ხელისუფლებას უჭერს მხარს, უჭერს მხარს მის პოლიტიკას, მან პასუხი უნდა აგოს ყველა მის ნაბიჯებზე. კარგად უნდა მოსთხოვოთ მათ და ესენი არ არიან განსხვავებული ადამიანები. ეს იგივე “ნაციონალური მოძრაობაა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოქმედი პარლამენტის დეპუტატი – არჩილ გეგენავა, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა 4 წლის წინ, ამჯერადაც მთაწმინდის ოლქში იყრუს კენჭს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”. კოალიცია “ქართული ოცნებიდან” მისი კონკურენტი მსახიობი ზაზა პაპუაშვილია.
დღეს ბიძინა ივანიშვილმა ლენტეხში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის გია გაზდელიანის წარდგენისას, მოსახლებას მიმართა, რომ მისი მხარდაჭერით, ისინი “ქართული ოცნებისადმი” მხარდაჭერას გამოხატავენ:
“თქვენ გყავთ გენიალური პიროვნება – გია გაზდელიანი, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ, ეს იყო ძალიან წარმატებული სპორტსმენი თავის დროზე. მან დიდი მონაწილეობა მიიღო, როდესაც აშენდა თქვენთან წმინდა თამარ მეფის სამონასტრო კომპლექსი. მას აქვს კარგი ოჯახი. ის, ვისაც ნორმალური ოჯახის შექმნა არ შეუძლია, სახელმწიფოს ვერ მომართავს, იცოდეთ. არ შეგეშალოთ, შეიძლება ძალიან ღირსეული თქვენი კუთხის შვილი წამოაყენოს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მაგრამ გია გაზდელიანი არის ჩვენი გუნდის წევრი.”