ახალი ამბები

გორის მაჟორიტარი მიიჩნევს, რომ ქალაქში სტალინის ძეგლის აღება შეცდომა იყო

16 ნოემბერი, 2016 • 2833
გორის მაჟორიტარი მიიჩნევს, რომ ქალაქში სტალინის ძეგლის აღება შეცდომა იყო

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი და გორის  მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე მიიჩნევს, რომ 2010 წელს  გორის ცენტრში არსებული სტალინის ძეგლის აღება შეცდომა იყო. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

იოსებ მაკრახიძის განცხადებით, ადგილობრივ მოსახლეობას სურს, რომ გორში ძეგლი იდგას:

“მოსახლეობას უნდა, მაგრამ გუნდური ამბავია. გორის მოსახლეობის დაახლოებით 80%-ს  სურვილი აქვს, სტალინის ძეგლი იდგას თავის ქალაქში. იმაზეც თანახმა არიან, რომ მუზეუმის ეზოში იდგას. ეს ახლა მთავრობის გადასაწყვეტია. ”

მისივე თქმით, ქალაქის ცენტრიდან ძეგლი არ უნდა აეღოთ:

“ჩემი პოზიციაა, რომ ძეგლი არ უნდა აღებულიყო. თუ აიღეს, მუზეუმში მაინც უნდა იდგას იმიტომ, რომ დიდძალი ტურისტი ჩამოდის და ცუდი არ იქნება, თუ იქაც იდგება. სტალინი  დიდი პიროვნება იყო. სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფაშიზმი დაამარცხა. ”

კითხვას, თუ რა აზრის არის სტალინის მიერ განხორციელებულ რეპრესიებზე, ხალხის გადასახლებასა და დახვრეტაზე, დეპუტატი პასუხობს:

“ნუ, ახლა ეს ვის მოეწონება, მაგრამ მაგდენი ის არ მაქვს, რომ რეპრესიებზე ვილაპარაკო. ვერ გეტყვით. ”

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების შემდეგ. დღეს, 16 ნოემბერს ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა. “ქართულ ოცნებას” სხდომის გამართვა 18 ნოემბერს სურს, თუმცა სხდომა პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.

ამავე თემაზე: 13 მითი სტალინის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი